მარჯვენასაჭიან ტაქსებს შესაძლოა, სატაქსო საქმიანობა შეეზღუდოთ

მარჯვენასაჭიან ტაქსებს შესაძლოა, სატაქსო საქმიანობა შეუჩერდეთ. ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს.

„მას შემდეგ, რაც მარჯვენასაჭიან ტაქსებს დაითვლიან, არ არის გამორიცხული, მათ განსაზღვრულ რაოდენობას სატაქსო საქმიანობა შეუზღუდონ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დედაქალაქის წინა მთავრობის დროს, იდეის დონეზე, დედაქალაქში ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსების მოძრაობის შესაძლო აკრძალვა განიხილებოდა,“-წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ტაქსებზე რეგულაციების დაწესების შესახებ განცხადება გასულ კვირას თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კერძოდ, რეგულაციების შედეგად, მძღოლებს ნებართვისა და ტრაფარეტის ასაღებად სავალდებულო რეგისტრაციის გავლა მოუწევთ.

როგორც მერიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე ნებართვის მიღებას ტაქსის მძღოლები გამარტივებულად - პირადობის მოწმობის, ავტომობილის ტექნიკური პასპორტისა და მართვის მოწმობის წარდგენის შედეგად შეძლებენ.