ჟურნალმა Forbes-მა კრიპტოვალუტების ყველაზე მდიდარი მფლობელების სია გამოაქვეყნა.
კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე გამდიდრებულ ბიზნესმენთა რეიტინგში პირველ ადგილზე Ripple-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კრის ლარსენი გავიდა, რომლის ქონებაც 7,5-8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილზეა კანადელი მეწარმე ჯოზეფ ლაბინი. ის Ethereum-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხოლო მისი ქონება 1-5 მილიარდ დოლარს შეადგენს. რეიტინგში მესამე პოზიცია კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჩჟაოს (1,1-2 მილიარდი დოლარი) ერგო.
ძმებს ქემერონ და ტაილერ უინკლვოსებს, რომლებმაც 2008 წელს მარკ ცუკერბერგს Facebook-ის იდეისთვის სასამართლოში 65 მილიონი დოლარი მოუგეს, სხვადასხვა მონაცემებით, იყვნენ მსოფლიოში პირველი ადამიანები, რომელთა ბიტკოინების რაოდენობამაც მილიარდი დოლარის ღირებულებას გადააჭარბა. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მათი ქონება 900 მილიონიდან 1,1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.
რეიტინგში ასევე ფიგურირებს კომპანია Bitfury-ის დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი, რომლის ქონებას Forbes-ი 500-700 მილიონ დოლარად აფასებს.
Forbes-ის სიაში მოხვდა Ethereum-ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინიც, რომლის ქონებაც 400-500 მილიონ დოლარს შეადგენს.