ურბანული ფერმა ნიუ-იორკის ცათამბჯენზე

ამერიკელი ჟურნალისტი ანასტასია კოულ პლაკიასი 2009 წელს რეპორტაჟის მოსამზადებლად პიცერია "რობერტას" დამფუძნებლებს შეხვდა.

კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ანასტასიას საქმიანობის ნაწილი იყო, თუმცა ამ რეპორტაჟმა მისი ცხოვრება შეცვალა. ჟურნალისტი გააოცა დამფუძნებლების შემართებამ და პროცესმა, თუ როგორ მოჰყავდათ ჯანსაღი პროდუქტი - დიდ კონტეინერებში ფერმებს მართავდნენ და ბოსტნეული მოჰყავდათ. ანასტასია იმდენად დაინტერესდა მათი საქმიანობით, რომ გადაწყვიტა, დროებით მიეტოვებინა ჟურნალისტიკა და პიცერიის დამფუძნებლებს დახმარებოდა. სწორედ აქედან წამოვიდა ურბანული ფერმის შექმნის იდეა, რომელსაც თავის ბიზნესპარტნიორთან ერთად შეასხა ხორცი.

Brooklyn Grange ამერიკული კომპანიაა, რომელიც ნიუ-იორკში რამდენიმე ურბანულ ფერმას ფლობს. ფერმები შენობების სახურავებზეა განთავსებული და წელიწადში 22,7 ტონაზე მეტ ბოსტნეულის მოსავალს იძლევა. კომპანია თაფლსაც აწარმოებს და სკები ნიუ-იორკის სხვადასხვა შენობის სახურავებზეა განთავსებული. როგორია ფერმა მრავალსართულიანი შენობის სახურავზე და რას სთავაზობს ვიზიტორებს, კომპანია Brooklyn Grange-ის წარმომადგენელი ანასტასია კოულ პლაკიასი გვიამბობს:

ფერმა ცაში

სახურავის ფერმებს აქვს პოტენციალი, რომ გააუმჯობესოს ურბანული გარემო, შეიქმნას სამუშაო ადგილები და იწარმოებოდეს ჯანსაღი პროდუქტი, აგრეთვე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით. ჩვენი კომპანია 2010 წლიდან არსებობს და ამჟამად ორ დიდ ურბანულ ფერმას ფლობს, ბრუკლინში - 6 ათასი კვმ, ხოლო ქუინსში - 4 ათასი კვმ ფართობის ბაღებს. ფერმაში ბოსტნეული მოგვყავს და ადგილობრივ მაღაზიებში ვყიდით.

ჩვენი მისია მდგრადი ურბანული მოდელის შექმნა იყო. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ აგროკულტურა და ჯანსაღი პროდუქტის წარმოება ურბანულ გარემოშიც შესაძლებელია. 1033 კვმ ფართობის ფერმას ვპატრონობთ ბრუკლინსა და ქუინსში, უკვე 227 ტონა ბოსტნეული მივყიდეთ რესტორნებს, CSA-ის (Community Supported Agriculture, აგროკულტურის მხარდამჭერი საზოგადოება) წევრებსა და პირდაპირ კლიენტებს, რომელთაც ყოველკვირეულად ფერმის სტენდებზე შეუძლიათ პროდუქტის შეძენა. ახლა კვერცხისმდებელი დედლებიც გვყავს, დავიწყეთ თაფლის წარმოებაც. სეზონურად 17 ათასი ვიზიტიორი გვყავს, რომლებიც ვორკშოპისა და საგანმანათლებლო ტურისთვის მოდიან. მიწათმოქმედების გარდა, ფერმაში არის იოგას კლასები, ექსკურსიები, სივრცე წვეულებებისთვის. თუ დაბადების დღეს ან სხვა ღონისძიებას აქ დაგეგმავთ, თქვენს სტუმრებს აქვე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით გაუმასპინძლდებიან. გათავისებული გვაქვს, რომ უპირველესად ჩვენ ვართ ფერმა და ჩვენი სურვილი და საზრუნავია მაღალხარისხიანი საკვები პროდუქტების წარმოება. ნიუ-იორკში ამის გაკეთება ჩვენი ოცნება იყო და გვჯერა, რომ ჩვენი ქალაქი შეიძლება იყოს ეკოლოგიურად უფრო მიმზიდველი. დღის ბოლოს, როცა მუშაობას ვასრულებთ, ყველანი­ ერთ ოჯახად­ ვიკრიბებით, გავცქერით ჰორიზონტს და გვსიამოვნებს, რომ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 19 თებერვლის ნომერში

ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია