10 ყველაზე ყინვაგამძლე ვაზის ჯიში საქართველოში

ცნობილია, რომ ვაზი ყინვასა და სიცივეს ვერ ეგუება, თუმცა არსებობს ყინვაგამძლე ჯიშები, რომლებიც დაბალ ტემპერატურასაც კარგად უძლებენ.

მათ შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მებაღეობა-მევენახეობის კვლევის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ლონდა მამასახლისაშვილმა მოგვაწოდა.

რქაწითელი

რქაწითელი საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, ყველაზე დიდი ფართობი კი კახეთში უჭირავს. მას სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა სახელი აქვს. კახეთში ძველად არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს, ასევე ყვითელ და წითელ რქაწითელს, ხოლო საინგილოში ეს ყურძენი "კუკურას" სახელწოდებითაც იყო ცნობილი. კვლევებით დადასტურებულია, რომ რქაწითელს -23,5 გრადუსამდე ყინვის ატანა შეუძლია.

საფერავი

საფერავი ნაკლებად უძლებს ყინვას. თუმცა, როცა ექსპერიმენტი ჩაატარეს, საფერავი -20 გრადუსზეც არ დაზიანებულა (ექსპერიმენტი 8 დღეს გრძელდებოდა). საფერავიც ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სუფრის წითელ ღვინოს კახეთში იძლევა.

კახური მწვანე

სიცივეს კარგად იტანს კახური მწვანე, რომელსაც -20-19 გრადუსი ყინვაც კი ვერ აშინებს. ეს სტანდარტული კახური ვაზის ჯიშია, რომლის სახელწოდებაც მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერიდან მოდის.

წითელი ბუდეშური

ამ ჯიშს -16 გრადუსამდე ყინვის გადატანა შეუძლია. ის მოსახლეობაში "შავი ბუდეშურის" სახელითაც არის ცნობილი, თუმცა მისი მარცვლების შეფერილობა არც წითელია, არც შავი: სიმწიფის დასაწყისში ღია ვარდისფერი, ხოლო დასასრულს - მუქი ვარდისფერია. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, ამ ჯიშის ვაზი მესხეთშიც ყოფილა გავრცელებული, მაგრამ ამ მხარის გამაჰმადიანებისა და მკვიდრი მოსახლეობის გადასახლების გამო, აქ წითელმა ბუდეშურმა, სხვა ჯიშების მსგავსად, ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამჟამად წითელი ბუდეშური, ძირითადად, კახეთში მოიპოვება და მისი გავრცელების არეალი თელავისა და გურჯაანის რაიონებით შემოიფარგლება.

ალექსანდროული

ალექსანდროული რაჭის მთავარი საწარმოო ჯიშია. ის -15-18 გრადუს ყინვასაც თავისუფლად უძლებს. ამ ჯიშის ყურძენი იძლევა ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი "ხვანჭკარის" სახელწოდებით. ალექსანდროული, ძირითადად, ქვემო რაჭის სოფლებში გვხვდება. ზუსტი ცნობები ამ ჯიშის ადგილწარმოშობისა და დროის შესახებ შემონახული არ არის.

მუჯურეთული

რაჭის ჯიშებიდან ყინვაგამძლეა მუჯურეთული, რომელიც -15-18 გრადუს ყინვას უძლებს. მუჯურეთული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. უმეტესად გავრცელებულია ქვემო რაჭაში. ალექსანდროულთან ერთად, მისგან ცნობილ "ხვანჭკარასა" და სუფრის წითელ ღვინოს ამზადებენ. ივანე ჯავახიშვილის შეხედულებით, ვაზის ეს ჯიში იმერეთიდან უნდა იყოს შეტანილი. მუჯურეთული უმთავრესად ალექსანდროულთან ერთად არის გაშენებული.

რაჭული მცვივანი

რაჭული მცვივანი შედარებით იშვიათი ჯიშია, რომელიც საშუალოდ -15 გრადუსამდე ყინვას უძლებს. ის, ძირითადად, რაჭაში გვხვდება. იძლევა ძალიან კარგ სუფრის ღვინოს. მევენახეთა შორის მცვივანი ცნობილია მცვივანას სახელწოდებითაც. სახელწოდება "მცვივანი" ამ ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს არა იმის გამო, რომ მისი მარცვლები ადვილად ცვივა, არამედ იმიტომ, რომ ჯიში ზედმეტი ყვავილცვენით ხასიათდება, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, რის გამოც თხელი, მეჩხერი მტევნები აქვს. მცვივანი ადრე მწიფდება, ძირითადად, ონის რაიონში. 

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 19 თებერვლის ნომერში

ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია