თბილისის ტრამვაის უკანასკნელი ვაგონი

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება თბილისის ტრამვაის უკანასკნელი ვაგონის ფოტო, რომელიც ამ დროისთვის ზაჰესშია.

შეგახსენებთ, დედაქალაქში ტრამვაის ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით, რამდენიმე წელია საუბარი მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც იყო ნათქვამი, თუმცა, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებდნენ, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რადგან საკმაოდ ძვირადღირებულია და დაახლოებით 130 მილიონ ევრომდე ჯდება.

ცნობისთვის, თბილისის ტრამვაის ისტორია XIX საუკუნის მიწურულიდან იწყება, როდესაც 1883 წელს ქალაქში ცხენებშებმული სარკინიგზო ტრანსპორტი ე.წ. კონკა გამოჩნდა. მისი პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე (აღმაშენებლის ქუჩა) გადიოდა და ერთმანეთთან ვორონცოვის მოედანსა (ზაარბრიუკენის მოედანი) და რკინიგზის სადგურს აკავშირებდა. 1904 წელს კონკა ელექტროტრამვაიმ შეცვალა. მარშრუტიც ერევანსკის მოედნამდე (თავისუფლების მოედანი) გააგრძელეს და ტრამვაის ხაზი კირხნის ქუჩამდე (მარჯანიშვილის ქუჩა) გაიყვანეს.

ფოტოს ავტორი: ზაზა აბაშიძე