„შეგიძლიათ, გაჩუქებული ქონება უკან დაიბრუნოთ“

რა არის ჩუქება? რას ითვალისწინებს და როგორ არეგულირებს კანონმდებლობა მჩუქებლისა და დასაჩუქრებულის უფლება-მოვალეობებს?

შეგიძლიათ თუ არა გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნება? საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას საადვოკატო ბიურო OK&CG-ის ადვოკატი, ანა გორდეზიანი მოგაწვდით.

რა არის და რას ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულება?

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულებით, მჩუქებელი დასაჩუქრებულს უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას საკუთრებაში, მისი თანხმობით. აქედან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს უსასყიდლო, ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებას.

რა ფორმაა განსაზღვრული ჩუქების ხელშეკრულების დასადებად?

მოძრავ ნივთზე ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო თუ საქმე ეხება უძრავ ნივთს, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ჩუქების ხელშეკრულება შესაძლებელია, დაიდოს როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოწმდება.

რაზეა დამოკიდებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა?

მხარეებს შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება, იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა). თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

ჩუქების ხელშეკრულება წარმოშობს რაიმე ვალდებულებას?

ჩუქების ვალდებულება შესაძლებელია, წარმოშვას აგრეთვე საჩუქრის დაპირებამაც. დადგენილია, რომ საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული. ჩუქების დაპირება წინარე ხელშეკრულებაა, რომელიც პირს მომავალში ხელშეკრულების დადებას ავალებს, რაც ნივთის გადაცემით განხორციელდება.

რა შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება?

რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

როგორ განისაზღვრება კანონმდებლობაში შეურაცხყოფა ან უმადურობა?

კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება, ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება, ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდეს. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი განსაზღვროს და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც, შეიძლება, შეფასდეს მძიმე შეურაცხყოფად ან უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, წარმოიშვას ჩუქების გაუქმების საფუძველი. თავისთავად, „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო განსაზღვრავს.

ერთგვაროვანი პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს და არა თავად მოსარჩელის შეფასების საგანია, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ფაქტი ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება, დაედოს საფუძვლად. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტია ამ ქმედების იმ თვალსაზრისით შეფასება, ობიექტურად არის თუ არა მიჩნეული უმადურობად ან შეურაცხყოფად ეს ქმედება. მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს და არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება.

ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება, გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

ამასთან, კანონმდებლობა მჩუქებელს საშუალებას აძლევს, დასაჩუქრებულისგან ნივთის უკან დაბრუნება მოითხოვოს, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და არ შეეძლება საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. თუმცა, ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა ადგენს გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრი მეორე ოჯახის წევრს ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემს უძრავ ქონებას. ქონების საკუთრებაში მიღების შემდეგ დასაჩუქრებულები აღარ აძლევენ უფლებას მჩუქებელს, გამოიყენოს საცხოვრებელი ფართი და მის დაუყოვნებლივ დაცლას სთხოვენ. ასეთ შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რის შემდეგაც გაჩუქებული ქონება საკუთრებაში დაგიბრუნდებათ.