როგორი იქნება განახლებული ორბელიანის მოედანი (+ფოტო)

ძველი, ისტორიული თბილისის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაც მოხდება.

ტერიტორიაზე აშენდება დაახლოებით, 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება.

კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში 300-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი და კერძო საკუთრება გაუმჯობესდება. ამასთან, მოეწყობა 3 კომერციული ობიექტი, ათონელისა და ფხოვის ქუჩები საფეხმავლოდ გადაკეთდება.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

„არსებული შენობების ფასადებს ჩაუტარდება სრული აღდგენა-რესტავრაცია კერძოდ: თავიდან მოეწყობა ან აღდგენილი იქნება ბათქაში, სხვადასხვა სირთულის არქიტექტურული დეტალები და კარნიზები. ფასადები დამუშავდება და შეიღებება ფასადის საღებავებით. შეიცვლება ხის ფანჯრის ბლოკები, ხის დეკორატიული ელემენტები და ჭედური მოაჯირები აივნებზე. შეიცვლება ზოგიერთი შენობის სახურავი. ტროტუარებზე დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები, დამზადებული ბაზალტისა და გრანიტის ქვებისაგან. მთლიანად შეიცვალება სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელები. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ასევე ითვალისწინებს 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას,“-ნათქვამია კომპანიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც „ანაგის“ გვერდზეა აღნიშნული რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

იხილეთ ფოტოგალერეა