ტაქსი, რომლის ფასსაც თავად მომხმარებელი განსაზღვრავს, დედაქალაქში დღეს 20:00 საათიდან იმოძრავებს

"ანტიოკუპაციური ტაქსი", რომლის მომხმარებლებიც მგზავრობის საფასურს თავად განსაზღვრავენ, დედაქალაქში დღეიდან გამოჩნდება.

როგორც „ანტიოკუპაციური ტაქსის“ „ფეისბუქ“ გვერდზეა აღნიშნული, ტაქსი თბილისში დღეს, 20:00 საათიდან დაიწყებს მოძრაობას.

იდეა მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ ეკუთვნის, რომელთა ცნობითაც, საქართველოს სახელმწიფო დროშისა და რუსული ოკუპაციის მთავარი ატრიბუტის - მავთულხლართების კომბინაციით გაფორმებული ტაქსის მთავარი დანიშნულება საინფორმაციო-შემეცნებითი და საქველმოქმედო იქნება.

ტაქსი დადგენილი სატარიფო ნიხრის გარეშე იმოძრავებს და ნებისმიერ მგზავრს ექნება საშუალება, მგზავრობის საფასური საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვროს. გადახდილი თანხა კი ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ სამოქალაქო-საპატრულო ჯგუფის მისიის შეუფერხებლად შესრულებას, ასევე შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, საოკუპაციო ზოლში მდებარე სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება.

ამასთან, ტაქსის სალონში დამონტაჟდება ვიდეომონიტორი, სადაც ნაჩვენები იქნება რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კლიპები, მძღოლები კი „ძალა ერთობაშია“ წევრები იქნებიან, რომლებიც მგზავრების სურვილის შემთხვევაში, მათთან რუსულ საფრთხეებზე და ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრებენ.

გარდა ამისა, მათი თქმით, ტაქსის მგზავრებს კვირაში ერთხელ ცნობილი სახეები: მსახიობები, სპორტსმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მოემსახურებიან. დაგეგმილია ასევე პირდაპირი ეთერები „ფეისბუქზეც“.