10 ათასმა ავსტრიელმა თაღლითობის გამო 80 მლნ ევროს ღირებულების ბიტკოინი დაკარგა

10 ათასზე მეტმა ავსტრიელმა კრიპტოვალუტების სისტემის - Optioment-ის კრახის გამო 12 ათასამდე ბიტკოინი დაკარგა.

როგორც ავსტრიული გამოცემა Die Presse წერს, აღნიშნული ფაქტი გასული წლის ნოემბერში მოხდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი არის ყველაზე მასშტაბური თაღლითობა, რომელიც ევროპაში კრიპტოვალუტებთანაა დაკავშირებული. კონკრეტული თანხა, თუ რამდენით იზარალეს ამ ადამიანებმა, ცნობილი არ არის, თუმცა ის სავარაუდოდ, 80 მილიონ ევრომდეა.

იანვრის ბოლოს ავსტრიის ფინანსურმა პოლიციამ Optioment-ის წარმომადგენლები ჩვენებისთვის დაიბარა. ხელისუფლება მათ ფინანსური პირამიდის ორგანიზებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს.

Optioment-ი ფუნქციონირებდა როგორც მრავალდონიანი მარკეტინგული სისტემა. ინვესტორების ნაწილი ამბობს, რომ თავად იყვნენ ჩართულები გაყიდვებში, ვინაიდან ორგანიზატორები მათ გაყიდვებიდან მიღებული მოგების 4%-ს ჰპირდებოდნენ ყოველკვირეულად და დამატებით შემოსავალს ახალი შემომტანების მოზიდვის შემთხვევაში.

„მე აქ მთელი ჩემი ოჯახი მოვიყვანე. ჩვენ დაახლოებით 50 ბიტკოინი ჩავდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ფული დაიკარგა“ - აცხადებს ერთ-ერთი მოტყუებული კლიენტი. პროგრამის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით კი მან Optioment-ში 200-მდე ადამიანი მიიზიდა და ამაზე ახლა ნანობს.

სისტემა Optioment ავსტრიის შტირიის მიწების წარმომადგენელმა ორმა ძმამ და ქვემო ავსტრიის წარმომადგენელმა მამაკაცებმა შექმნეს. „ინვესტორებთან შეხვედრაზე ისინი თავს წარმოადგენდნენ როგორც „Optioment სამი მუშკეტერი“, უკრავდნენ ვირტუალურ გიტარაზე, აწყობდნენ შოუს და ატარებდნენ სამედიტაციო სეანსებს იმისათვის, რომ მონაწილეებს „შეეგრძნოთ დაზღვეულობის ხარისხი“ - აცხადებს ამ პირამიდის ერთ-ერთი მონაწილე.

ავსტრიელმა სამართალდაცველებმა აღნიშნულ პირებზე ძებნა ინტერპოლის მეშვეობით დაიწყეს.

კოკა კვირკველია