როდის შეძლებენ სტუდენტები მატარებლით მგზავრობისას შეღავათებით სარგებლობას

სტუდენტები ბოლო 2-3 დღეა „საქართველოს რკინიგზით“ გადაადგილებისას შეღავათებით ვეღარ სარგებლობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „საქართველოს რკინიგზამაც“ გაავრცელა.

მათი ცნობით, სერვისს შეფერხება კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეექმნა.

„ხარვეზი უახლოეს საათებში გამოსწორდება, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებსაც ამ პერიოდში ბილეთის მთლიანი ღირებულების გადახდა მოუწიათ, საშეღავათო თანხა (ბილეთის ღირებულების 50%) სრულად აუნაზღაურდებათ. ამისათვის გთხოვთ, წერილობით მიმართოთ საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანას, წარმოადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და შეძენილი ბილეთის ასლი,“- ნათვამია „რკინიგზის“ განცხადებაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, გამოსწორებულია თუ არა ხარვეზი ან რა ვადაში შეძლებენ სტუდენტები შეღავათით სარგებლობას. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებული არ არის. როგორც რკინიგზის ცხელ ხაზზე აცხადებენ, შეფერხება შესაძლოა, დღის განმავლობაში გამოსწორდეს ან ამას რამდენიმე დღე დასჭირდეს.