უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველო-ბილიკის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სანდრო ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანი-ქავთარაძის ქუჩები, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეკინის გამზირები ერთმანეთს ველო-ბილიკით დაუკავშირდება

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველო-ბილიკის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

კერძოდ, როგორც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვა ველო-ბილიკის მოწყობისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 31 860 ლარია.

საპროექტო ობიექტი იწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, გაივლის სანდრო ეულის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, მარიჯანის ქუჩას, ქავთარაძის ქუჩას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და მთავრდება პეკინის გამზირზე, სადაც უნდა მიუერთდეს არსებულ ველობილიკს. საპროექტო ველო-ბილიკის სავარაუდო სიგრძე 5100 მ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას), ხოლო სიგანე ერთი მიმართულებით უნდა იყოს 1,5 მ. ორივე მიმართულებით კი ველობილიკის საერთო სიგანე უნდა შეადგენდეს 3 მ-ს.

მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს საპროექტო უბანზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი საგზაო სამოსის გათვალისწინებით ახალი ველო-ბილიკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. გეგმაში ველო-ბილიკი ძირითადად უნდა მოეწყოს ტროტუარის გვერდით არსებულ გზის სავალ ნაწილზე, ხოლო სიმაღლეში უნდა დაპროექტდეს ისეთ დონეზე, რომ გათვალისწინებულ იქნას წყლის აცილება, როგორც საპროექტო ბილიკზე, ასევე არსებულ ტროტუარზე და დარჩენილ გზის სავალ ნაწილზე. ამისათვის საჭირო გახდება ტროტუარის ბორდიურთან არსებული სანიაღვრე ჭების დემონტაჟი და ახალი ჭების მოწყობა ველო-ბილიკის ახალ ბორდიურებთან,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.