4 ცვლილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

1-ლი მარტიდან საქართველოში რამდენიმე ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ამოქმედდება. „ბიზნესპრესნიუსი“ იმ ცვლილებებს გთავაზობთ, რომელთა ამოქმედებაც ხვალიდან მოხდება.

სამარშრუტო ტაქსებს 1-ლი მარტიდან 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ

1-ლი მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ მოსაცდელ გაჩერებებზე გაჩერდებიან. აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებსა და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებს შეეხება. რაც შეეხება ქუჩების ჩამონათვალს, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან „მარშრუტკები“ ესენია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

დასუფთავების სამსახური ქალაქში მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებს

1-ლი მარტიდან "თბილსერვისის" სამსახური ქალაქში მხოლოდ ღამის საათებში გადაადგილდება. კერძოდ, დასუფთავების სამსახური ნაგვის გატანას 22.00 საათიდან განახორციელებს ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე - დაწყებული ვაკის პარკიდან, დამთავრებული თსუ-სპირველ კორპუსამდე, ანუ საუბარია, მთელ ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ყველა ქუჩის განშტოებაზე.

უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება

ხვალიდან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოში შემოსვლისას ვალდებული იქნება მესამე პირის დაზღვევა შეიძინოს. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას მისი მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოში მისი ყოფნის სრული პერიოდით დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

აღნიშნული სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დასახელება სავალდებულო არ არის).

ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს, რომელიც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ბაზრობის, სასტუმროს, ავტოგასამართი სადგურის მფლობელებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ექნებათ

1-ლი მარტიდან მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ექნებათ. აღსანიშნავია, რომ მესამე პირად იგულისხმება მათ შორის, ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტიც, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი.

მასობრივი თავშეყრის ობიექტებია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).