როგორი იქნება მოიერიშე თვითმფრინავი, რომლის წარმოებაც საქართველოში იგეგმება?

"თბილავიამშენი" მოიერიშე თვითმფრინავის, "სუ-25"-ის ღრმა მოდიფიკაციას გეგმავს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარიდან დაიწყება. ღირებულება დამოკიდებული იქნება საბაზისო კომპლექტაციის შესრულების სახეზე.

ახალი მოიერიშე თვითმფრინავის სახელია "ჯე-31" (ბორა), რომელიც "თბილავიამშენის" საგარეო ტექნიკური კავშირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლევან ცირეკიძის განმარტებით, "სუ 25"-ის ახალი სიცოცხლე და მისი ღრმად მოდერნიზებული ვარიანტი იქნება.

"ჩვენს ხელმძღვანელებს აქვთ ასეთი იდეა, რომ საფრენი აპარატის ღრმა მოდერნიზაცია მოხდეს, ყველა დადებითი მხარე, რაც მას აქვს, დავტოვოთ და საექსპლუატაციო ან საბრძოლო გამოცდილების დროს გამოჩენილი სუსტი მხარეები გამოვასწოროთ. მოვახდინოთ მისი თავსებადობა თანამედროვე უსაფრთხოებისა და თავდაცვითი კონცეფციების სტანდარტებთან. თუმცა არის ერთი მომენტი, ამ ეტაპზე ვერ ვიღებთ მაკომპლექტებელ აგრეგატებსა და დეტალებს. საბჭოთა დროს ძირითადი მომწოდებელი რუსეთი იყო, რომელთანაც დღეს ოფიციალურ დონეზე ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა, გარეკვეული აგრეგატებისა და დეტალების შეძენა შეიძლება", - განმარტა ლევან ცირეკიძემ Allnews.ge-სთან საუბარში.

"თბილავიამშენის" წარმომადგენლის ინფორმაციით, დღის წესრიგში დგას მოდერნიზებული "სუ-25" დასავლური ან ამერიკული წარმოების აგრეგატებით და სისტემებით დაკომპლექტდეს.

"გვსურს, რომ ეს საფრენი აპარატი თავსებადი იყოს NATO-ს უსაფრთხოების კონცეფციასთან, საფრენი აპარატი დავალების შესრულებისას ხშირ შემთხვევაში მოქმედებს მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად. აგრეთვე მას კავშირი აქვს მიწისზედა ობიექტებთან, როგორც მოძრავ ჯავშანსატანკო ერთეულებთან, აგრეთვე მართვის სამეთაურო პუნქტებთან. ამისათვის საჭიროა კომუნიკაციის სისტემების თავსებადობა“,- აღნიშნავს ის.

რას წარმოადგენს „სუ-25“ და როგორი იქნება მისი მოდერნიზებული ვარიანტი "ჯე-31" (ბორა)?

"სუ-25" წარმოადგენს ახლო მხარდამჭერი ოპერაციების წარმოების მოიერიშე თვითმფრინავს, რომლის ფუნქციური დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მიწისზედა ობიექტების, სამეთაურო პუნქტებისა და მოძრავი ჯავშანერთეულების განადგურება. თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში "სუ-25"-ის წარმოება 1979 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად იწარმოებოდა ერთადგილიანი საბრძოლო სუ-25, ხოლო 90-იანი წლებიდან პარალელურად დაიწყო ორ ადგილიანი, სასწავლო-საბრძოლო "სუ-25უბ"-ის წარმოება.

"თბილავიამშენის" ინფორმაციით, წლების მანძილზე სულ გამოშვებული იქნა 900 ერთეული "სუ-25," რომლებიც თბილისში არსებული ქარხნის ბაზაზეა შექმნილი. სს "თამ" თბილავიამშენი "სუ-25" -ის პროექტირებისა და წარმოების ყველა საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მფლობელია.

"თავისი კლასიდან გამომდინარე "სუ 25-ს" აქტიური კავშირი აქვს მიწისზედა ობიექტებთან, როგორც მოძრავ ჯავშანსატანკო ერთეულებთან, ასევე მართვის ცენტრალიზებულ პუნქტებთან. საფრენი აპარატები იყოფა კლასების მიხედვით, მაგალითად, "სუ 25" ახლო მხარდაჭერის საფრონტო მოიერიშეთა კლასს მიეკუთვნება. კერძოდ, შესასრულებელი ამოცანის შესახებ ინფორმაციას იღებს კონკრეტულ სეგმენტში განთავსებული ჯავშანსატანკო ერთეულიდან, ხოლო მფრინავი ორიენტირებულია მცირე ზომის მიწისზედა ობიექტის ზუსტ განადგურებაზე. "სუ 25"-ს მიწისზედა სამეთაურო პუნქტებთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს," - განმარტა ლევან ცირეკიძემ. იხილეთ გაგრძელება