„მოვალის ნაცვლად შესაძლოა თანხა თქვენ დაგეკისროთ“

საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებები კრედიტის გაცემამდე ხშირად მიუთითებენ პოტენციურ მოვალეს, რომ სესხს მხოლოდ თავდების წარმოდგენის შემთხვევაში გასცემენ.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მაშინ, როდესაც ვიღაც ახლობელი გთხოვთ, თავდებში ჩაუდგეთ, ვერ ითვალისწინებთ, თუ რა თანმდევი რისკები შეიძლება, ახლდეს ამ უკანასკნელს.

საადვოკატო ბიური OK&CG-ში აცხადებენ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა თავდებში მყოფი პირები დაზარალებულის ამპლუაში ყოფილან. რა უნდა გაითვალისწინოთ იქამდე, ვიდრე ვინმეს თავდებში ჩაუდგებით? ამ საკითხზე საადვოკატო ბიურო OK&CG-ს ადვოკატი ანა გორდეზიანი საუბრობს.

როგორც იურისტი განმარტავს, თავდებობას საკრედიტო დაწესებულებები იმიტომ მიმართავენ, რომ ამ შემთხვევაში იზრდება ვალდებულების შესრულების ალბათობა: იმის მიხედვით, თუ რა სახის თავდებობაა თანხას გადაიხდის მოვალე ან/და თავდები.

რას ნიშნავს თავდებობა?

თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის პასუხს აგებს.

რით განსხვავდება სოლიდარული და სუბსიდიური თავდებობა

ერთმანეთისგან განსხვავდება სოლიდარული და სუბსიდიური თავდებობა. თუ მხარეები ხელშეკრულებით განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან, სუბსიდიური თავდებობის წესები მოქმედებს, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდებისადმი მიმართვა მოვალის ვალდებულების შესრულების მიზნით მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა) მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდებს შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

თუ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან, რომ თავდები ვალდებულებას სოლიდარულად კისრულობს, მაშინ კრედიტორს ექნება შესაძლებლობა, თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გატარების გარეშე მოსთხოვოს მოვალის ვალდებულების შესრულება. ამ შემთხვევაში თავდები გარკვეულწილად მოვალეს უთანაბრდება.

თავდები უფლებამოსილია, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების, შესრულების ვადის გადაცილების შესახებ ინფორმირებული იყოს. კრედიტორი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია თავდების მოთხოვნისთანავე გასცეს, წინააღმდეგ შეთხვევაში იგი თავისუფლდება შესაბამისი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დამდგარი ზიანისაგან.

რა ხდება მაშინ, როცა მოქალაქეები არ უღრმავდებიან თავდებობის თანმდევ რისკებს და ხელშეკრულებას გაუაზრებლად აწერენ ხელს?

ყველამ, ვინც პრაქტიკაში იცნობს ამ საკითხს, იცის, რომ თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, რომელსაც საბანკო დაწესებულებები იყენებენ, შაბლონურია და ყველა მათგანი თავდებში მყოფ პირს მაქსიმალურად მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქმე ის არის, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით, იმ შემთხვევაში თუ მოვალე ნაკისრ ვალდებულებას ვერ დაფარავს, კრედიტორს შეუძლია, დარჩენილი ვალის ანაზღაურება თავდებში მყოფ პირს მოსთხოვოს.

მოქალაქეებს ვურჩევ, ვინმესთვის თავდებში ჩადგომისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ და თუ მაინც გარისკავენ, გაითვალისწინონ, რამდენად გადახდისუნარიანია მსესხებელი, ვისაც თავდებში უდგებიან, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე სესხს ვერ გადაიხდის, ვალდებულების შესრულება მას მოუწევს.

წყარო: myadvokat.ge