სასტუმრო „პარაგრაფი“ „მერიოტის“ სახელით ოპერირებას 1-ლი აპრილიდან დაიწყებს

შეკვეთილში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili 1-ელ აპრილს ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც სასტუმროში აცხადებენ, 1-ელ აპრილს სასტუმროს ოფიციალური „მერიოტის“ სახელი მიენიჭება. სასტუმროს გახსნის ღონისძიება კი უფრო მოგვიანებით გაიმართება.

ცნობისთვის, სასტუმრო უკვე რამდენიმე თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს.

სასტუმროში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერია. სასტუმრო კომპლექსი მოიცავს ასევე 2 000 კუბური მეტრი მოცულობის აკვარიუმს, ზღვაში 150 მეტრზე შეჭრილ აუზს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს წყლის სასრიალო ატრაქციონებით, 3 500 კვადრატული მეტრი ფართობის ზამთრის ბაღს, კინოს, ჩოგბურთის კორტებს, სპორტულ მოედნებს, წყლის გიგანტურ ტობოგანს.

სასტუმრო „თანაინვესტირების ფონდმა“ ააშენა და მისი ჯამური ღირებულება 80 მილიონი ამერიკული დოლარი იყო.