„საბაგიროზე სავარაუდოდ, მუხრუჭმა ვერ დაიჭირა“ - რას ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ობიექტი დეკემბერში შეამოწმა

საბაგიროს, რომელიც გუდაურში რამდენიმე საათის წინ გამოვიდა მწყობრიდან, ინსპექტირება 2017 წლის დეკემბერში ჩაუტარდა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

საუბარია, საბაგირო „საძელეზე“, რომლის მწყობრიდან გამოსვლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, საბაგიროს ინსპექტირება კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალმა“ ჩაუტარა. ამის შესახებ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

„აღნიშნული საბაგირო გასული წლის 22 დეკემბერს შევამოწმეთ. მაშინ საბაგირო იდეალურ მდგომარეობაში იყო და არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების დროს ჩვენ ვუყურებთ ფუნდამენტურ მონაცემებს. საბაგირო ისეთი ობიექტია, რომ თუ სწორი ექსპლუატაცია არ მოხდა, შესაძლოა, იდეალურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ორ დღეში მწყობრიდან გამოვიდეს. რაც შეეხება საბაგიროების ინსპექტირების პერიოდულობას, კანონის თანახმად, 1-დან 4 წლამდე პერიოდია. ყველაზე ხშირად კი ინსპექტირება წელიწადში ერთხელ ტარდება ,“-აღნიშნა შელიამ.

მისივე თქმით, მათი კომპანიის ისნპექტორი, ვინც ეს საბაგირო დეკემბერში შეამოწმა, გუდაურში მიემგზავრება, რადგან ადგილზე გაეცნოს სიტუაციას, ამიტომ კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისგან შელია ამ ეტაპზე თავს იკავებს. თუმცა, მისი თქმით, ისინი ვარაუდობენ, რომ ეს არის ოპერირებასთან დაკავშირებული ხარვეზი.

„როგორც ჩვენმა ინსპექტორმა მითხრა, სავარაუდოდ მუხრუჭმა ვერ დაიჭირა. ამის შემოწმება ადგილზე ყოველდღიურად უნდა მოხდეს. ჩვენი ვარაუდია, რომ ეს შემოწმება ან დროულად არ განხორციელდა რომ ენახათ რა ტვირთს უძლებს საბაგირო ან სხვა ხარვეზია. თუმცა, კონკრეტულ მიზეზებზე მას შემდეგ შეგვეძლება საუბარი, რაც ჩვენი ინსპექტორი მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა,“-განაცხადა შელიამ.

ცნობისთვის, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება.