ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ვადებმა 2019 წლამდე გადაიწია

თბილისში ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ვადებმა 2019 წლამდე გადაიწია.

როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად ითქვა, რომ პროექტირება 2017 წელს დასრულდებოდა, უშუალოდ სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყებოდა. თუმცა ვადები შეიცვალა და პროექტირება ჯერაც არ დაწყებულა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, როგორც ქუჩის, ასევე მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები კი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.

„ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია შესაბამისი თანმიმდევრობით. განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა 2017 წლის ბოლოს დასრულდა. ამავე კვლევის მიხედვით, წელს დაგეგმილია ფიროსმანის ქუჩაზე არსებული შენობების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება, რომლისთვისაც კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმება მას შემდეგ, რაც შენობების პროექტირება დასრულდება. პროექტირების სამუშაოების ხანგრძლივობა წლის მეორე ნახევრამდე გასტანს. წლის ბოლომდე როგორც ქუჩის, ასევე მუზეუმის შემთხვევაში, პროექტირება დასრულებული იქნება“, - აცხადებენ ფონდში.

მათივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია ბიუჯეტი, რაც მთლიანობაში პროექტის განხორციელებას დასჭირდება. თუმცა როგორც, პროექტის დაწყებისას იყოს ცნობილი, პროექტირებისთვის სავარაუდოდ, 1.8 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„პროექტირების დასრულების შემდეგ, ზუსტად განისაზღვრება ბიუჯეტი და პროექტის განხორციელების დეტალები“, - აღნიშნულია ფონდის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

ფიროსმანის ქუჩის აღდგენა და განახლება პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში მსხვილი არეალების რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელდება და ქუჩაზე მდებარე 40-მდე შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მათ შორის ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის ქუჩაზე, N29 - ში მდებარე მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო არეალში განსახორციელებელი სამუშაოები წინასწარ შემუშავებული კვლევის მიხედვით დაიგეგმა.

თეონა კენჭიაშვილი