აზარტული თამაშებში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა, 23 წლამდე გაიზარდოს - პროექტს პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გაიტანენ

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა შესაძლოა 21 წლის პირებსაც აეკრძალოთ. ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ასაკობრივ შეზღუდვაზე როდესაც ვსაუბრობთ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში 21 წელი იყო მსგავს თამაშებზე დაშვების ასაკი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს ასაკი უნდა გაიზარდოს და 22 ან 23 წელი გახდეს. შესაბამისად, პირები, რომლებიც 22-23 წლის ქვემოთ იქნებიან ლეგალურად აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ,“-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა, მისი მიღება ამ დრომდე არ მომხდარა. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამის მიზეზი მთავრობასთან მიმდინარე კონსულტაციები იყო. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის გატანა საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მოხდება.