„რეზონანსი" - ხალხს ეშინია, რომ საყოველთაო დაზღვევიდან ამოაგდებენ

ამბულატორიებში საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში მონაწილე პირების აღრიცხვა მიმდინარეობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქეების აღრიცხვა ხარჯების ოპტიმიზაციისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, ცვლილება სტატისტიკის გაუმჯობესებას ემსახურება. სპეციალისტების აზრით, სახელმწიფო პოლიკლინიკებში მიმდინარე რეფორმას, შესაძლოა, მოჰყვეს ხარჯების გადანაწილება, მაგრამ არა შემცირება.

რამდენიმე კვირაა, პოლიკლინიკებში ინტენსიურად ითხოვენ დაზღვეული პირების დოკუმენტაციას (პირადობის მოწმობას) და პირადად მისვლას. მათი თანამშრომლები კარდაკარაც დადიან და ამოწმებენ, რეგისტრირებულია თუ არა პიროვნება კონკრეტულ მისამართზე. მოსახლეობა და ამბულატორიების პერსონალიც ეჭვობს, რომ ამით ჯანდაცვის სისტემას, შესაძლოა, რომელიმე კომპონენტი დააკლდეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მთავრობამ პოლიკლინიკების რეფორმირების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი გადადგა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტომ დაადასტურა კიდეც.

ჯანდაცვის სამინისტროში "რეზონანსს" განუმარტეს, რომ პოლიკლინიკებში დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს ამბულატორიებზე "მიმაგრებული" ბენეფიციარების შესახებ დოკუმენტაციის მოწესრიგებას. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 30 ოქტომბერს მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება: ამბულატორიებში 2014 წლის 1-ელ აპრილამდე მკაცრი აღრიცხვის ფორმის გარეშე დარეგისტრირებულ პირებს 2018 წლის 1-ელ აპრილამდე აუცილებლად უნდა გაევლოთ ხელახალი რეგისტრაცია.

"ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამიდან არ მოიხსნება არც ერთი კატეგორიის ბენეფიციარი. ამ ეტაპზე მხოლოდ აღრიცხვა მიმდინარეობს. დაზღვეული პირი ან მისი მეურვე მკაცრი აფრიცხვის ფორმას აწერს ხელს და თან ურთავს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული ინიციატივა ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს ამბულატორიებზე "მიმაგრებული" ბენეფიციარების შესახებ დოკუმენტაციის მოწესრიგებას.

ყველა მკაცრი აღრიცხვის ფორმას აქვს თავისი ნუმერაცია, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უფრო მოქნილს ხდის, ბენეფიციარს კი აძლევს საშუალებას, სრულფასოვანი სერვისი მიიღოს და იცოდეს, რა ტიპის მომსახურება ეკუთვნის სახელმწიფოსგან. ზემოხსენებული ინიციატივა არ ითვალისწინებს ბენეფიციართა კატეგორიის შეზღუდვას და ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანის პროგრამიდან მოხსნა ან რამე ძირეული ცვლილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში არ იგეგმება", - განუცხადეს "რეზონანსს" სოციალური მომსახურების სააგენტოში.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამბულატორიებში აქამდე არსებული ქაოსი მოწესრიგდება და საბოლოოდ გაირკვევა როგორც ამა თუ იმ ამბულატორიაზე "მიმაგრებული" ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე მომსახურების სერვისთან დაკავშირებული ვალდებულებები, რის შესახებ ინფორმაცია ხშირად ექიმებსაც არ აქვთ.

სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ გაითვალისწინა "აუდიტის სამსახურის" დასკვნა, რეკომენდაციები და ქმედითი ნაბიჯის გადადგმას შეუდგა.

"ამბულატორიები მოითხოვს სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის აღრიცხვის მიმართულებით. რაოდენობისა და გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით ყველაფერი თავიდან გასაკეთებელია. სხვა თემაა, რამდენად ეფექტურად განახორციელებენ ამ პროცესს და რა ნაბიჯი მოჰყვება ცვლილებას. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რაც უდავოდ პოზიტიური ფაქტია. არ გამოვრიცხავ, ხარჯების გადანაწილება მოხდეს, მაგრამ არა შემცირება.

მაქვს ინფორმაცია, რომ ცვლილება აღრიცხვისა და სტატისტიკის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს აუცილებელია, რადგან ძალიან მოუწესრიგებელია ამბულატორიებში დოკუმენტაცია. უცნობია, რომელი მოქალაქე სად და ვისთან არის "მიმაგრებული", რა მომსახურება ეკუთვნის და სხვა. ამ მხრივ არსებული პრობლემა წინა წლების აუდიტის დასკვნამაც აჩვენა, მაგრამ აქამდე არაფერი შეცვლილა. ბენეფიციარმა და ზოგჯერ ექიმმაც არ იცის, რა სერვისი ეკუთვნის ამა თუ იმ მოქალაქეს უფასოდ, რა მომსახურებაა ფასიანი და ა. შ.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა ზოგ პოლიკლინიკაზე მიმაგრებულია, ვთქვათ, 2000 ადამიანი, ზოგან – 10 000-იც კი. ყველა მათგანი ამბულატორიის მომსახურებით არ სარგებლობს, ზოგმა ისიც არ იცის, სად არის რეგისტრირებული. სრული ქაოსია და ეს საკითხი როგორმე უნდა მოგვარებულიყო", - აცხადებს ჩიხლაძე.

ამდენად, როგორც სამოქალაქო პლატფორმის დამფუძნებელი განმარტავს, გეგმური ამბულატორიული მომსახურებით გათვალისწინებული ფასების კალკულაცია და წარმოშობა არ არის დადგენილი და ახსნილი. ბენეფიციარების ინფორმირების დონე უკიდურესად დაბალია და პაციენტის მხრიდან "ჯიბიდან გადახდის" რისკიც არსებობს.

"ვფიქრობ, პრობლემები მოგვარდება და გეგმური ამბულატორიული მომსახურების სერვისი გაუმჯობესდება. არა მგონია, სამინისტროს ამ შემთხვევაში სხვა მიზანი ჰქონდეს. რაც შეეხება საკითხს, რომ ვიღაცას შეიძლება მოეხსნას საყოველთაო დაზღვევა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბენეფიციართა კატეგორია, თუ ვინ უნდა ისარგებლოს დაზღვევით, 2017 წელს დადგინდა და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებას სახელმწიფო არ დაარღვევს.

ცალკე თემაა ემიგრანტები, რომლებიც დაზღვევის ერთიან სისტემაში ირიცხებიან. მათ აქვთ ქართული პასპორტი და საქართველოს მოქალაქეები არიან. იურიდიულად ვერ დადგება საკითხი, რომ ისინი დაზღვევის ერთიანი სისტემიდან "ამოაგდონ", როგორც ეს კერძო დაზღვეულების მიმართ მოხდა. საქართველოდან წასვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის სერვისის შეწყვეტის მიზეზი ვერ გახდება. მთავარი პირობაა, რომ ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე იყოს" – აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჩიხლაძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"