„მერია ალყაში - კორპუსების მიერ "შეჭმულია" შიდა გზები, რაც უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველია“

„თბილისის მერია კორპუსების ალყაში! მერიის მიერვე გაცემული სამშენებლო ნებართვების შედეგად, თბილისის მერიის შენობა კორპუსების ალყაშია მოქცეული“. ამის შესახებ, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ კორპუსების ერთობლიობას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ "არქიტექტურული სიმახინჯე". კორპუსების მიერ "შეჭმულია" შიდა გზები, რაც უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველია. ასეთ ვითარებაში შეუძლებელი გახდება სამაშველო, სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების სერვისის მიღება. არ არის პარკის მოწყობისა და ხის დარგვის საშუალებაც კი. აღარაფერს ვამბობთ ბავშვებისათვის გასართობი მოედნის მოწყობაზე. სააკაძის მოედანზე არსებული საცობების გამო, ჰაერი დაბინძურებულია, რაც საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებლების ჯანმრთელობას. ადვილი წარმოსადგენია, საგზაო მოძრაობა, უფრო სწორად კი უძრაობა სააკაძის მოედანზე მას შემდეგ, რაც კორპუსები მობინადრეებით დაიტვირთება. ვერასდროს ვერ მოეწყობა პარკირების საკმარისი რაოდენობა, რომელიც იქ მცხოვრებ ავტომფლობელებს დააკმაყოფილებთ. აღნიშნული მშენებლობები, ვერ აკმაყოფილებენ ვერცერთ საერთაშორისო სტანდარტს,“-ვკითხულობთ განცხადებაში.