„სითი პარკის“ ჯარიმები უმჯობესია, 10 აპრილამდე გადაიხადოთ“

მიმდინარე წლის 10 აპრილიდან თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს, კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე კი „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა შეკითხვა, თუ რა ბედი ეწევა 10 აპრილამდე გამოწერილ ჯარიმებს და იმოქმედებს თუ არა მასზე „სიტი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან სამართლებრივ დეტალებზე საადვოკატო ბიურო OK&CG-ს იურისტი ანა გორდეზიანი საუბრობს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო პარკირების წესების დარღვევის შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე სეკუნდა მუხლი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც პარკირების ადგილას 12 საათზე მეტი დროით დგას, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პირს 150 ლარის ოდენობის საურავი დაერიცხება.

რაც შეეხება იმას, მოუწევთ თუ არა მოქალაქეებს „სიტი პარკის“ მიერ აქამდე გამოწერილი ჯარიმების გადახდა; იურისტი ანა გორდეზიანი აღნიშნავს, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა, მისი ოდენობა და აღსრულების წესი საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული და იგი კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ წარმოადგენს.

„შპს „სითი პარკი“ წარმოადგენს თბილისში პარკირების წესების მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირს, რომელსაც ადმინისტრაციული უფლებამოსილება თვითმმართველი ერთეულისგან - თბილისის მერიისაგან აქვს დელეგირებული. აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების საფუძველს თბილისის მერიასა და შპს „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების 10 აპრილიდან შეწყვეტა, არ გულისხმობს პარკირების წესების დარღვევის მარეგულირებელი ნორმების მოქმედების შეწყვეტას ან ცვლილებას,“ - განმარტავს ანა გორდეზიანი.

მისივე თქმით, 10 აპრილამდე გამოწერილი ჯარიმების აღსრულების პროცესში თბილისის მერია (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სახით) შპს „სითი პარკის“ ადგილს დაიკავებს და მისი უფლებამონაცვლე იქნება.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებშიც კი თუ თბილისის მერია სითი პარკის შემდგომ ხელშეკრულებას გააფორმებს ახალ კომპანიასთან, პარკირების წესების დარღვევაზე არსებული რეგულაციები და ჯარიმის ოდენობა დარჩება იგივე. მასში ცვლილებების შეტანის კომპეტენცია მხოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია. ამდენად, თუ თქვენ მიმართ შპს „სითი პარკს“ პარკირების წესების დარღვევისათვის გამოწერილი აქვს ჯარიმა, უმჯობესია, გადაიხადოთ კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში 10 აპრილის შემდგომ თქვენ იმავე წესით დაგერიცხებათ საურავი როგორც ეს აქამდე ხდებოდა,“-აღნშნავს გორდეზიანი.