იპოთეკურ სესხებზე შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს - რა ცვლილების შეტანა იგეგმება კანონში?

პარლამენტში იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, შემოდის ახალი ცნება „ბოლო საცხოვრისი“ ანუ უძრავი ნივთი, რომელიც წარმოადგენს მოვალისა და მისი ოჯახის წევრზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს და იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ფიზიკურ პირს ერთადერთი სახლი აქვს ბანკში ჩადებული ან კერძო მევახშესთან იპოთეკის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და თანხას ვერ დაფარავს, ბანკი ან მევახშე ამ ქონებას 3 წლის განმავლობაში ვერ გაყიდის.

საკანონმდებლო ინიციატივა „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის. როგორც მათ მიერ მოწვეული იურისტი ბექა ფერაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, კანონპროექტის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთების კუთხითაც იგეგმება ცვლილებება, რის შედეგადაც შესაძლოა, წლიური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე 8-9%-მდე შემცირდეს.

„კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში, რომელიც საპროცენტო განაკვეთებს არეგულირებს, ორი ცვლილება შედის. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, თუ პირს გადახდილი აქვს ჯარიმა, პროცენტი და ა.შ. რაც მთლიანად ძირი თანხის ორმაგი ოდენობაა, ვალდებულება გადახდილად ჩაეთვლება.

მე-2 ცვლილების თანახმად, კი აღებულ სესხზე დასაბრუნებელი თანხა ძირი თანხის ერთმაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს ანუ 1 000 ლარიან კრედიტზე 2 ათასზე მეტს ვერ მოგთხოვენ. მოქმედი კანონმდებლობით იპოთეკურ სესხთან მიმართებაში „კრიშა“ დაახლოებით, საშუალოდ, 2.4-2.5%-მდე მერყეობს. იპოთეკური სესხების შემთხვევაში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 10%-11%-ის ფარგლებში. თუმცა, იმ კრიტერიუმების, რაც ცვლილებათა პაკეტში გვაქვს ჩადებული, ასე ვეღარ იქნება და თუ სესხი 8-9%-იანი არ იქნება, კანონის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს,“-აღნიშნა ფერაძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის იანვრის მდგომარეობით, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 17.2%; ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ 8.2% იყო.

თაია არდოტელი