ბაზარზე საკრედიტო ბარათების რაოდენობა 47%-ით გაიზარდა - შეიცავს თუ არა რისკებს ასეთი ბარათის ფლობა

საქართველოში ზრდასრული ადამიანების უდიდეს უმრავლესობას საფინანსო სტრუქტურების ვალი აქვს, აქედან ყოველ მესამე კი საკრედიტო ბარათის მფლობელია.

მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ამ ბარათის მიმართ პრეტენზია ყველაზე მზარდია. მხოლოდ 2017 წელს კომერციულ ბანკებში საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით 426 საჩივარი შევიდა, რაც საჩივრების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.

მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ბაზარზე საკრედიტო ბარათები გამოიტანეს, ამ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში საქართველოში სულ 991 912 საკრედიტო ბარათი იყო მოქმედი, რაც თითქმის 319 ათასით, 47,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის თებერვალში ბაზარზე სულ 673 081 საკრედიტო ბარათი იყო მოქმედი.

საკრედიტო ბარათების ზრდა კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს პროდუქტი მოსახლეობაში პოპულარობას დღემდე არ კარგავს და მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს.

საკრედიტო ბარათი არის ორი საბანკო პროდუქტის - პლასტიკური ბარათისა და სამომხმარებლო სესხის სინთეზი. ეს არის პლასტიკური ბარათი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი ან მომსახურება სავაჭრო ობიექტში, ინტერნეტით და ან გაანაღდოს კრედიტის თანხა. ბარათს აქვს საკრედიტო ლიმიტი, ანუ კრედიტის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით. შეიძლება საკრედიტო ლიმიტის გაზრდაც. მომხმარებელს შეუძლია აითვისოს თანხა მისთვის სასურველ დროს და ნებისმიერი პერიოდულობით საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, შესაბამისად, საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი.

უმეტეს საკრედიტო ბარათზე მოქმედებს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. თუ მომხმარებელმა სრულად ვერ დაფარა ათვისებული თანხა, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდების ბოლოს დაფაროს ათვისებული თანხის გარკვეული წილი და დარიცხული პროცენტი.

ყველა ბანკს საკრედიტო ბარათებზე თითქმის ერთნაირი პირობები აქვს. საშუალოდ განაღდების საკომისიო 3-4%-მდე მერყეობს (თუმცა არის გამონაკლისიც), საშეღავათო პერიოდი იდენტურია - 55 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-დან 36%-მდე მერყეობს (ეს თანხის განაღდების მეთოდზე არის დამოკიდებული). საკრედიტო ბარათების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე აღწევს. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სესხი შესაბამის პერიოდში ვერ დაფარა და დაარღვია გადახდის გრაფიკი, მას ეკისრება ჯარიმა, რომელმაც, შესაძლოა, 200%-საც კი გადააჭარბოს.

უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ბარათები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან გავრცელებული და პოპულარულია, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათი პირობები მოქნილი და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე. დაგროვების სისტემაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ბევრად გამართული და ლოიალურია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ ამ ბარათების რეალური დანიშნულება არის ე.წ. „შოპინგი“. იშვიათად თუ ვნახავთ ადამიანს, რომელიც საკრედიტო ბარათიდან ნაღდი ფული გამოაქვს, მომხმარებელთა დაახლოებით 90% ორიენტირებულია უნაღდო ანგარიშსწორებაზე.

საქართველოში კი სიტუაცია საკმაოდ განსხვავებულია. აქ საკრედიტო ბარათს მომხმარებლის დიდი ნაწილი ნაღდი ფულის მისაღებად იყენებს, რაც დარიცხულ პროცენტებს უფრო ზრდის. ამიტომ ხალხს ასეთი ტიპის ბარათისადმი პრეტენზია მუდმივად უჩნდება. ამაზე მიუთითებს ეროვნული ბანკის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც საკრედიტო ბარათები ყოველთვის კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული საჩივრების ტოპ-სამეულშია.