რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი კორპუსი?

თბილისში, დიდი სისწრაფით მიმდინარეობს მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების თუ კომერციული ობიექტების მშენებლობა.

როგორც Myclient.ge-ს დირექტორი გვანცა გუჯელაშვილი განმარტავს, ეს პროცესი, მეტწილად, დედაქალაქში რაიონებიდან ადამიანთა მიგრაციის სწრაფმა დინამიკამ და ადამიანთა მოთხოვნილებამ განაპირობა, რაც ახალ აშენებულ სახლში ცხოვრებას გულისხმობს.

„ახალი კორპუსების ექსტერიერი, ასე თუ ისე, ძველი კორპუსებისაგან განსხვავებით, ესთეტიკურად გამოიყურება, ასევე მომხმარებელს სხვადასხვა ზომის ფართს სთავაზობენ, ეს კი ყველა ტიპის ოჯახის მოთხოვნას აკმაყოფილებს და ფინანსურადაც მისაღებია. მშენებლობები მიმდინარეობს ქალაქის ყველა რაიონში, სხვადასხვა კომპანიების მიერ, ეს კი მოსახლეობას საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ ადგილას და სასურველ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ფართი,“-აცხადებს გუჯელაშვილი.

საინტერესოა, რას აქცევენ ყურადღებას ბინის შეძენის მსურველები, რა კრიტერიუმებით არჩევენ სახლს და არის თუ არა მათი გათვლები სწორი - აღნიშნულის შესახებ გვანცა გუჯელაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, მოქალაქეები ძირითადად მოთხოვნად საცხოვრებელი კორპუსის ადგილმდებარეობასა და ფასს აყენებენ, თუმცა, გუჯელაშვილის ცნობით, ეს დეტალები მეორეხარისხოვანია.

„ჩვენი ბროკერების დაკვირვების საფუძველზე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბინის შეძენისას ყველაზე დიდ ყურადღებას მის საფასურს და ადგილმდებარეობას უთმობენ, ამ დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანი მშენებლობის ხარისხი და უსაფრთხოების ნორმებია. აუცილებლად გაარკვიეთ, აკმაყოფილებს თუ არა საცხოვრებელი კორპუსი იმ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანთა უსაფრთხოებას ემსახურებიან“-აცხადებს გუჯელაშვილი.

Myclient.ge-ს ბროკერები გაგვაცნობენ ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელთა გათვალისწინებაც ბინის შეძენისას აუცილებელია.

დიდი ყურადღება მიაქციეთ სამშენებლო მასალის ხარისხს, გაარკვიეთ, თუ რა მასალით მიმდინარეობს მშენებლობა, არის თუ არა ის ეკოლოგიურად სუფთა, არის თუ არა ის ენერგოეფექტური, უზრუნველყოფს თუ არა ხმის იზოლაციას. აღნიშნული დეტალების დადგენა თავიდან აგაცილებთ ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებსაც უხარისხო სამშენებლო მასალა იწვევს, ძირითადად ეს რესპირატორული (სასუნთქი გზების) პრობლემებია. ჯანმრთელობის გარდა, ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლი თქვენს თანხებს დაზოგავს, ხმის კარგი იზოლაცია კი, მაქსიმალურ კომფორტსა და სიმშვიდეს შეგიქმნით.

საცხოვრებელი სახლი უნდა ითვალისწინებდეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არსებობას. ძლიერი დაკვამლიანების დროს გასასვლელი არ ჩანს, ამიტომ კიბის კედლებზე უნდა იყოს მიმათითებელი ნიშანი EXIT, რომელიც ნებისმიერი ტიპის ხილვადობის დროს კარგად ჩანს. ყველა სართულს უნდა ჰქონდეს ე.წ ცეცხლმაქრი და რაც მთავარია, ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში ლიფტის კარი მექანიკურად უნდა იღებოდეს.

საქართველოს მთელი ტერიტორიის სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობის გამო, მის მთელს ტერიტორიაზე, როგორც ახალ მშენებარე, ასევე სარეკონსტრუქციო, გასაძლიერებელი და აღსადგენი საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობა-ნაგებობების დაპროექტების დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სეისმოლოგიური ფაქტორები. ამ ყველაფერს ტექნიკური რეგლამენტი - ,,სეისმომედეგი მშენებლობა“ აკონტროლებს. შენობა-ნაგებობის სეისმომედეგობა არის უნარი, შეინარჩუნოს პროექტით გათვალისწინებული სიმტკიცე და მდგრადობა საანგარიშო მიწისძვრის ზემოქმედების შემდეგ, რაც ნაგებობის გლობალურ ან ნაწილობრივ ჩამონგრევას გამორიცხავს, რომელმაც შესაძლოა, ადამიანთა დაზიანება ან მსხვერპლი გამოიწვიოს.