რა ჯდება კერძო სახლის აშენება თბილისში?

ბოლო პერიოდში, როცა დედაქალაქი მშენებლობების ბუმმა მოიცვა, სულ უფრო და უფრო გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვისაც ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა და ბეტონით გარშემორტყმული კორპუსებიდან კერძო სახლში გადასვლა სურს. ადამიანთა ეს კატეგორია ქალაქისგან მოშორებით ყიდულობს მიწის ნაკვეთს და საკუთარი გემოვნებით აშენებულ კერძო სახლში გადადიან, სადაც უფრო მეტი ეკოლოგიური სიჯანსაღე და მშვიდი გარემოა.

უძრავი ქონების სააგენტოს Myclient.ge-ს წარმომადგენლები კერძო სახლის ასაშენებლად საჭირო პროცედურებისა და ღირებულების შესახებ საუბრობენ.

მიწის ნაკვეთების ფასთან დაკავშირებით, Myclient.ge ერთხელ უკვე წერდა. როგორც კომპანიის დირექტორი, გვანცა გუჯელაშვილი განმარტავდა,  მიწის ნაკვეთებზე ყველაზე დაბალი ფასი გარეუბნებშია და ღირებულება 50-70 დოლარის ექვივალენტის ლარში ფარგლებში მერყეობს. იგივე ფასია - დიდ დიღომშიც, ამის შემდეგ კი ფასი იზრდება და მაგალითად, ვაკეში მიწის ნაკვეთი 100-180 დოლარის ექვივალენტი ლარში ფასდება, ხოლო ყველაზე მაღალი ფასი დიღმის მასივსა და ძველ თბილისშია, სადაც მიწის ნაკვეთის 200-300 დოლარის ფარგლებში ღირს.

„მას შემდეგ, რაც მიწის ნაკვეთის ფასს გაიგებთ და თქვენთვის რელევანტურ ვარიანტს შეარჩევთ, თავდაპირველად, მიწის ნაკვეთის შეძენა, გადაფორმება და შემდეგ სახლის მშენებლობის დაწყება დაგჭირდებათ. მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ, შეძენილი ქონების გადასაფორმებლად, საჯარო რეესტრს უნდა მიაკითხოთ. თუ მიწა დაურეგისტრირებელია, თავდაპირველად, მესაკუთრემ მისი რეგისტრაცია უნდა მოახდინოს, რათა შემდეგ გაასხვისოს, შესაბამისად, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს პროცედურულად ვერ შეიძენთ ან დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.

რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეძენისას, საჯარო რეესტრში მყიდველისა და გამყიდველის პირადობის მოწმობები დაგჭირდებათ, რათა ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმები შეივსოს. თუ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელი თავად ხართ, მისი სარეგისტრაციო მომსახურების ვადა და საფასურები ასეთია: 4 სამუშაო დღეში - 50 ლარი, 1 სამუშაო დღეში 150 ლარი, ხოლო იმავე დღეს 200 ლარი. საჯარო რეესტრში მისვლისას, აუცილებელია მიწის ნაკვეთის ნახაზი წარადგინოთ, ხოლო დამატებითი დოკუმენტაცია კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე იქნება საჭირო,“-აღნიშნავენ სააგენტოში.

შემდეგი პროცედურა უკვე სახლის მშენებლობაა. სააგენტოს წარმომადგენლები კერძო სახლის მშენებლობის ღირებულებაზეც საუბრობენ. მათი ცნობით, ბაზარზე ასეთი სიტუაციაა: კომპანიები, რომლებიც კერძო სახლებს აშენებენ 1 კვადრატული მეტრის ღირებულებად 150 დოლარის ექვივალენტიდან 240 დოლარის ექვივალენტში ლარამდე მერყეობს და მშენებლობის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს თეთრი კარკასი დაახლოებით 3 თვის ვადაში ბარდება.

„აღსანიშნავია, რომ სახლის მშენებლობას თბილისის ყველა უბანში ერთი და იგივე ღირებულება აქვს. განსხვავება შესაძლოა, მხოლოდ სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებამ აჩვენოს. სახლის მშენებლობისთვის სეზონს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მისი გამოშრობა მოხდეს, რათა კედლები არ დასკდეს, სწორედ ამიტომ, საცხოვრებელი სახლის ერთ თვეში აშენება მიზანშეწონილი არ არის. კომპანიები სახლს როგორც რკინა-ბეტონისა და ბლოკის, ისე აგურის საშუალებით აგებენ. ზოგ კომპანიაში აგურის გამოყენების შემთხვევაში საფასური ემატება, ზოგი კომპანია კი ბლოკზეც და აგურზეც იმავე ღირებულებას გთავაზობთ, თუმცა ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ აგური თბოიზოლაციის თვალსაზრისით, უკეთესია. სამშენებლო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, რკინის კარი, იატაკი, შიდა გაყვანილობები, ელექტრობა, წყლის მილები, კანალიზაცია, გაჯით გალესილი კედლები, მეტალოკერამიკის სახურავი და შეღებილი გარე ფასადი შედის,“-აღნიშნავენ სააგენტოში.