თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია "ტავ ურბანს ჯორჯიასა" და ირლანდიურ ავიაკომპანია "რაინაერს" შორის შეთანხმება ვერაფრით მოხერხდა და დედაქალაქიდან ევროპისკენ იაფი ფრენის შესაძლებლობას წერტილი დაესვა.
ამასობაში, "რაინეარი" უკრაინის ბაზარზე შევიდა, საიდანაც ბილეთის ფასი 10 ევროდან დაიწყება და საშუალოდ 40 ევროს არ გადააჭარბებს. საქართველომ კიდევ ერთხელ დაკარგა შანსი.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები დაუფარავად ამბობენ, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებების მთავარი მიზეზი "ტავ ჯორჯიას" დაწესებული მაღალი მოსაკრებელი და "თურქიშ ეარლაინსზე" მორგებული პოლიტიკაა.
"რაინეარი" წლებია, მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოში შემოსასვლელად. ბოლოს მათი წარმომადგენელი რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ირლანდიურმა კომპანიამ მიზეზად მაღალი მოსაკრებელი და ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიაზე - "თურქიშ ეარლაინსზე" მორგებული სტრატეგია დაასახელა. რაც შეეხება შედარებით იაფ ქუთაისის აეროპორტს, ის მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქიდან 250 კილომეტრით დაშორების გამო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთა მომსახურების საკომისიო 2 დოლარით 2017 წელს გაზარდა და ერთ მგზავრზე 24 დოლარი გახადა.
საქართველოში ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ "რაინეარი" უკრაინაში შევიდა და ბორისპოლისა და ლვოვის აეროპორტებიდან კვირაში 32-ჯერ იფრენს. ფრენის ფასი 10 ევროდან დაიწყება, ხოლო საშუალო ფასად 40 ევრო სახელდება. ბორისპოლისკენ ავიარეისები განხორციელდება ბარსელონიდან, ბრატისლავიდან, გდანსკიდან, ვილნიუსიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, პოზნანიდან, ვროცლავიდან, სტოკჰოლმიდან და ვარშავიდან. რაც შეეხება ლვოვის აეროპორტს, იქ რეისები შესრულდება დიუსელდორფიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, მიმინგენიდან და ვარშავიდან.
უდიდესი "ლოუქოსთერის" საქართველოში შემოსვლა, როგორც ჩანს, დიდი ხნით გადაიდო, შესაბამისად, უცნობია, კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპის მიმართულებით იაფად ფრენას თბილისის აეროპორტიდან.
საავიაციო სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ "რაინეარის" წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მოლაპარაკებებს მართავდნენ საქართველოში შემოსვლასთან დაკაშვირებით, "ტავ ჯორჯიას" მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელი აღმოჩნდა. მთავარი მიზეზი ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინსზე" მორგებული მენეჯმენტი გახდა.
"რაინეარის" წარმომადგენლები საქართველოში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდნენ. დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე იაფი კომპანიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. ეს იქნებოდა უნიკალური შანსი, რომ ძალიან იაფად ეფრინათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით.
თავად ირლანდიური კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტარიფები, რომლებიც დღეს თბილისის აეროპორტს აქვს, უფრო ძვირია, ვიდრე ბარსელონის ტარიფები. ქუთაისის აეროპორტიც არ აღმოჩნდა მათთვის ხელსაყრელი, რადგან 250 კილომეტრითაა დედაქალაქიდნ დაშორებული და მგზავრებისათვის არახელსაყრელია.
მესამე და მთავარი პრეტენზია იყო, რომ ჩვენი ქვეყნის აეროპორტის საავიაციო სტრატეგია მთლიანად მორგებულია ერთ გადამზიდზე - "თურქიშ ეარლაინსზე" და ყველანაირად ეშლება ხელი, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ავიაგამანაწილებელი ქვეყანა. განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით რეისები მთლიანად აწყობილია თურქეთის მიმართულებაზე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" იასე ზაუტაშვილმა.
მისივე თქმით, "ტავ ურბანთან" სახელმწიფოს კაბალური ხელშეკრულება აქვს დადებული. ამიტომაც კომპანიამ "სითი პარკის" ბედი უნდა გაიზიაროს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, როგორც სტრატეგიულ ობიექტს, სახელმწიფო უნდა მართავდეს.
"ზემოთ აღნიშნული სამივე არგუმენტი არის ძალიან მძიმე მოსასმენი და, იმავდროულად, ძალიან სამართლიანიც. შედეგად "რაინეარმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისათვის საქართველოში არ შემოვა. სახელმწიფომ კი ვერაფერი გააკეთა კაბალური ხელშეკრულების გამო, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და "ტავ ურბანს" შორის. ამ კომპანიას კაბალურად აქვს დაკავებული ავიასფერო საქართველოში, ვგულისხმობ თბილისსა და ბათუმის აეროპორტებს.
ფაქტია, "ტავ ურბანის" ინტერესებში არ შედის "რაინეარის" შემოსვლა, რომელიც თურქულ ავიახაზებს გაუწევს კონკურენციას. შედეგად ჩვენმა მოქალაქეებმა დაკარგეს იაფი ფრენის შანსი ევროპის მიმართულებით.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის აეროპორტს აქვს ძალიან მაღალი მოსაკრებელი ერთ მგზავრზე – 24 დოლარი. ხელშეკრულებით "ტავ ჯორჯიას" ოპერირების დრო კიდევ 10 წელია და ჩემი ინფორმაციით, მოსაკრებლის ზრდა კვლავ იგეგმება. დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოგებას ნახულობს თურქული კომპანია, ქვეყანას კი ამით ეკონომიკური ხეირი არ აქვს. მეტიც, ავიაკომპანიების შემოსვლას განგებ უშლიან ხელს.
ჩემი აზრით, ძალიან კარგი ტენდენცია დაიწყო ქვეყანაში, რაც "სითი პარკთან" დაკავშირებით მოხდა. თბილისის მერიამ გადადგა ძალიან გაბედული და სწორი ნაბიჯი, როცა ამ კომპანიას შეუწყვიტა ხელშეკრულება. იგივე უნდა მოხდეს "ტავ ურბანთან" დაკავშირებითაც. თბილისის აეროპორტს, როგორც სტრატეგიულ ობიექტს, უნდა მართავდეს სახელმწიფო", - განაცხადა ზაუტაშვილმა.
ავიაკომპანია "ეარ კავკასუსის" პრეზიდენტი გიორგი კოდუა კი "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ტავ ჯორჯიას" მენეჯმენტის პირობებში თბილისის აეროპორტის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღეს აეროპორტი 3 მლნ მგზავრს ემსახურება წელიწადში და რომ არა "ტავ ჯორჯია", 10 მლნ მგზავრი ეყოლებოდა.
"სატარიფო პოლიტიკა, რომელიც აეროპორტს აქვს, არის ზემაღალი. გამორიცხულია ჩვენი ასე განვითარება, რადგან ხდება ფასების ფილტრაცია. ავიაკომპანიები როცა ეძებენ აეროპორტს, სადაც ოპერირების სურვილი აქვთ, თბილისს გვერდს უქცევენ სწორედ მაღალი სატარიფო პოლიტიკის მომიზეზებით.
ჩვენთან მხოლოდ ის ავიაკომპანიები შემოდიან, რომლებსაც მიკერძოებული ინტერესები აკავშირებთ ან, ჩვენ მსგავსად, სხვა გზა არც აქვთ. ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია იაფი ფრენა, რაც "ტავ ჯორჯიას" პირობებში შეუძლებელია, რადგან აეროპორტიდან უნდა სრულდებოდეს პირდაპირი რეისები და მოქმედებდეს იაფი ტარიფი. უმეტესად თბილისიდან ფრენებს ღამის საათებში ახორციელებს "თურქიშ ეარლაინსი". დღეს დედაქალაქის აეროპორტი 3 მლნ მგზავრს ემსახურება წელიწადში და რომ არა "ტავ ჯორჯია", 10 მლნ იქნეოდა", - აღნიშნა გიორგი კოდუამ.
"ბიზნეს-რეზონანსი" გუშინ მთელი დღის განმავლობაში კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით ცდილობდა, კომენტარისთვის დაკავშირებოდა "ტავ ჯორჯიას", მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"