სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, აგროდაზღვევით მხოლოდ ის ფერმერი ისარგებლებს, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. ამასთან, აღნიშნული ცვლილება, არამარტო აგროდაზღვევის პროგრამას, არამედ ყველა იმ სასოფლო-სამეურნეო პროექტს შეეხება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით ხორციელდება.
მოქალაქეებს ხშირად აინტერესებთ, როგორ უნდა მოიპოვონ არსებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში); რა ტიპის მიწებზე შეიძლება საკუთრების უფლების აღიარება, რომელ ორგანოს უნდა მიმართონ და რა საბუთები უნდა წარადგინონ მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რომელი მიწის ნაკვეთი ექვემდებარება უსასყიდლოდ საკუთრების აღიარებას, რა ვადაში ხდება გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უძრავი ქონების სააგენტოს Myclient.ge-ს წარმომადგენლები საუბრობენ:
განგვიმარტეთ, რას ნიშნავს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა?
მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
რას ნიშნავს საკუთრების უფლების აღიარება
საკუთრების უფლების აღიარება ნიშნავს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისთვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემას.მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა დაინტერესებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მიწის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებობა ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციით დგინდება.
რომელი მიწის ნაკვეთები არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას?
აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის და სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გ) დაცული ტერიტორია, დ) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, ე) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ვ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო, დასავენებელი ადგილი (პარკი, ტყეპარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; ზ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; თ) სასაფლაო და პანთეონი; ი) სანიტარიული და დაცვითი ზონები და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მიწის ნაკვეთები.ამასთან, თბილისის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
რომელი ორგანოა უფლებამოსილი საკუთრების უფლების აღიარებაზე?
მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას კანონით დადგენილი წესით ახორციელებს. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით ხორციელდება.