ტყიანი ეზო, ნომრები ხეებს შორის და მდინარე ნინოს ხევი - ლაგოდეხში სოფელ ხიზაში ბოჰემური სტილის ახალი სასტუმრო იხსნება, რომელსაც უცხოელი წყვილი აშენებს.
სასტუმროს სახელი დუენდეა, ის ესპანური სახელია და ვნების შეგრძნებას უკავშირდება.
ცოლ-ქმარის ესპანელი ალეხანდრო პალომარი და ამერიკელი ნიკოლ ბარტონი საქართველოში 2 შვილთან ერთად 4 წლის წინ ჩამოვიდნენ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნიკოლ ბარტონმა განაცხადა, როგორც კი საქართველოში ჩამოვიდნენ მათი ოცნება იყო, რომ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული გაეკეთებინათ. მისი თქმით, სასტუმრო სტუმრების მიღებას ივნისიდან შეძლებს.
„აქაურობა ძალიან ლამაზი და გასაოცარია. გვაინტერესებს ადგილობრივი გარემო, ასევე გვსურს დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. აქ 4 წლის წინ ჩამოვედით და გვინდოდა რაიმე განსხვავებული გაგვეკეთებინა. სასტუმროს სახელია Duende (დუენდე). სახელი ესპანურია და უკავშირდება ვნების შეგრძნებას, ვნების არსს.“ – განაცხადა ბარტონმა.
სასტუმრო ბოჰემური სტილის იქნება. თავდაპირველად 4 მინი კოტეჯი გაიხსენება, შემდეგ სეზონზე კი კიდევ 4 კოტეჯის გახსნაა დაგეგმილი. თითოეული კოტეჯის სიმაღლე 8 მეტრი იქნება. გარდა კოტეჯებისა, იქნება სამზარეულო და აბაზანა. სულ სასტუმრო 16 ადგილიანია. მთლიანმა ინვესტიციამ კი 150,000 დოლარი შეადგინა.
„ზოგადად, ბიზნესის კეთება საქართველოში ადვილია, თუკი ჭკვიანი ხართ და თუკი ღია დამოკიდებულება გექნებათ, საკმაოდ ადვილია. ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს. ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა უნდა იყოს, რატომაც არა?“ - განაცხადა ბარტონმა.
სასტუმროში ერთი ღამის გათევა ორ ადამიანზე 160 დოლარი ეღირება, სადაც საუზმეც შევა.