რა ანაზღაურებას იღებენ ქართველები პირველ სამსახურში

„ეისითი” დაინტერესდა, თბილისის მაცხოვრებლებს შორის საშუალოდ რა ასაკში ხდება დასაქმება და რამდენს შეადგენდა მათი პირველი ანაზღაურება. კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ თბილისის მაცხოვრებლები მუშაობას საშუალოდ 20 წლიდან იწყებენ.

„საინტერესოა, რომ 45-54 ასაკობრივი ჯგუფის თბილისელებმა საშუალოდ 22 წლიდან დაიწყეს მუშაობა, მაშინ, როდესაც დღეის მდგომარეობით, სამსახურის დაწყების ასაკი შემცირებულია – 18-24 ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების ასაკი საშუალოდ 18 წლიდან იწყება,“-აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კვლევის თანახმად, თბილისელების პირველი საშუალო ხელფასი 301 ლარია. აღსანიშნავია, რომ „ეისითის“ კვლევის მიხედვით, მამაკაცების საშუალო პირველი ხელფასი, ქალების საშუალო ხელფასს 83 ლარით აღემატება. კერძოდ, კაცების პირველი საშუალო ხელფასი - 343 ლარი; ქალების კი -260 ლარია.

ცნობისთვის, კვლევა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ავტორთა ცნობით, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

bpn