2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართველად სამშობიაროების მიმართ სტანდარტები მკაცრდება. ამის შესახებ, მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, სამშობიაროები, რომელთაც 2018 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში ჯამში, 750-ზე ნაკლები მშობიარობა/საკეისრო კვეთა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება: რომელთანაც ჯერ არ ყოფილა გაფორმებული ხელშეკრულება და რომლის მიერ მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის მიმართვის წინა 12 თვის განმავლობაში გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა 500-ზე, ხოლო 2019 წელს − 750-ზე მეტია, აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირება დაიწყეს საანგარიშგებო წელს ან საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული წელი; ასევე დაწესებულება რომლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა 500-ზე, ხოლო 2019 წელს − 750-ზე მეტია,“-აღნიშნულია დადგენილებაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე დაწესებულებებს შეეხება. ამასთან, დადგენილების თანახმად, მოთხოვნა არ ვრცელდება საუნივერსიტეტო სტაციონარებზე – სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილ, მრავალპროფილიან, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებშიც სამეანო ნეონატალური მიმართულებით მიმდინარეობს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა.