გერმანიაში 0-ევროიანი კუპიურები დაბეჭდეს

გერმანიაში, კარლ მარქსის მშობლიურ ქალაქში ნული ევროს ნომინალის კუპიურები გამოსცეს.

აღნიშნული მოვლენა დაკავშირებულია მარქსის 200 წლის იუბილესთან. სუვენირები, რომელზეც გამოსახულია ფილოსოფოსის პორტრეტი, ადგილობრივმა ტურისტულმა კომპანიამ გამოსცა.

გამოცემა The Local-ის ინფორმაციით, პირველი ტირაჟი ხუთი ათასი კუპიურის ოდენობით მარტში დაბეჭდეს და მის რეალიზებას ერთ თვეზე ნაკლები დასჭირდა. ერთი ასეთი კუპიურის ფასი კი სამი ევრო იყო. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კუპიურები გაიყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ლათინური ამერიკიდან ავსტრალიამდე.

ტურისტულ კომპანიაში უკვე მეორე ტირაჟის გამოცემა დააანონსეს, ამჯერად საუბარია 20 ათასიან ტირაჟზე, მათი გაყიდვა 23 აპრილიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ რეჟიმში, კომპანიის საიტზე.

გერმანელი მოაზროვნე კარლ მარქსი 1818 წლის 5 მაისს ქალაქ ტრირში დაიბადა. ის არის პოლიტიკური ეკონომიკის ნაშრომის „კაპიტალის“ ავტორი, ასევე გახლავთ „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ თანაავტორი ფრიდრიხ ენგელსთან ერთად. ის არის მარქსისტული იდეოლოგიის ფუძემდებელი.

კოკა კვირკველია