ელიავას ბაზრობის რომელი პროექტის დამტკიცებას ითხოვენ მერიისგან (+ვიდეო)

შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ (ელიავა- რეგიონალური მოლი) თბილისის მერს, კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს და თბილისის საკრებულოსთვის 2016 წელს გადაგზავნილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას ითხოვს.

„ინტერპრესნიუსი“ ელიავა-რეგიონალური მოლის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მიზანშეწონილად ვთვლით, მოგმართოთ ე.წ. ელიავას ბაზრობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

ბოლო ათწლეულებში ბუნებრივად ჩამოყალიბდა ურბანული გარემო, რომელსაც თბილისელები ე.წ. „ელიავას ბაზრობას“ უწოდებენ. საზოგადოდ ე.წ. „ელიავას ბაზრობა“ განთავსებულია 15,5 ჰა. მიწის ნაკვეთიდან 11,3 ჰა. ფართზე. დარჩენილი ფართი მოიცავს გზებსა და გამწვანებულ არეალებს. წლების განმავლობაში სხვადასხვა მესაკუთრის მიერ, რომელთა საერთო რაოდენობა 144 ფიზიკურ პირს შეადგენს, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენებული იქნა დაახლოებით 43 000კვ.მ. (4,3ჰა.) შენობა-ნაგებობა.

მოგახსენებთ, ქ. თბილისის მერიის წინა ხელისუფლებასთან 2014 წლიდან თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ურბანული განვითარების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე კიდევ ერთხელ დადგინდა ფუნქციონალური ზონირებასთან დაკავშირებული პარამეტრები და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელმაც აღნიშნულ თემებთან მიმართებაში, 2016 წელს, ქ. თბილისის მერიის საპროექტო დავალების ფორმა შეიძინა.

ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წლიდან, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რათა ჩამოყალიბებული ურბანული სავაჭრო გარემოსათვის მიგვეცა თანამედროვე სახე. დღეისათვის საკუთარი ძალებით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩვენს მიერ აშენებულია დაახლოებით 17 000 კვ. მეტრი თანამედროვე სავაჭრო დანიშნულების არეალები.

არქიტექტურის სამსახურისა და საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპროექტო დავალების საფუძველზე შევიმუშავეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული 7,5 ჰექტარი ტერიტორიის სივრცითი განვითარების კონცეფცია - „ელიავა - რეგიონალური მოლი“ და შესაბამისი განვითარების რეგულირების გეგმა, რომელიც უკვე განხილული და დამტკიცებული აქვს ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და 2016 წლის ზაფხულში დასამტკიცებლად წარედგინა ქ. თბილისის საკრებულოს.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სავაჭრო-გასართობი და დასასვენებელი ურბანული გარემოს მოწყობას, მათ შორის ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართის ფორმირებით და მოწესრიგებით. შექმნილი მასტერპლანის მიხედვით, აშენდება სავაჭრო, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, მოეწყობა მიწისქვეშა პარკინგი. ასევე დაგეგმილია უნიკალური ვერტიკალური მწვანე მოლის შექმნა.

ქალაქის მერიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებისა და სათანადო შესწორებების შეტანის შემდეგ, არქიტექტურის სამსახურმა მიიღო და დაამტკიცა წარდგენილი გრგ და თბილისის საკრებულოში გადაგზავნა. ჩვენდა სამწუხაროდ, საკრებულომ დღემდე არც კი განიხილა აღნიშნული დოკუმენტი, რის გამოც პროცესი ორ წელიწადზე მეტია შეჩერებულია.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე (მგგ) მომუშავე ჯგუფის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ – მიერ წარმოდგენილ მასალებში, იმ ტერიტორიას, (ისევე როგორც, მთლიანად ე.წ. „ელიავას ბაზრობას“) რომელზეც მოიაზრება „ელიავას რეგიონალური მოლის“ პროექტის გახორციელება, ნაცვლად დღეს მოქმედი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონისა, ჩვენი აზრით, თვითნებურად, მინიჭებული აქვს რეკრიაციული ზონის სტატუსი.

ვფიქრობთ, რომ ფუნქციონალური ზონის მსგავსი ცვლილების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული კერძო საკუთრების უფლებას და შესაბამისად, ადამიანის უფლებების ძირეულ პრინციპებს, ისე მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და ათასობით დასაქმებული ადამიანის სოციალურ ბედს. რასაკვირველია, ქ. თბილისის განვითარება უნდა ხდებოდეს ობიექტური მდგომარეობის, მათ შორის ევროქარტიების, რომელთა რატიფიკაციაც ჩვენი ქალაქის საკრებულოს განხორციელებული აქვს, ძირითადი ფუნდამენტალური პრინციპების დაცვით. ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტი უნდა უფრთხილდებოდეს რეგიონალური მნიშვნელობის ეკონომიკურ და სოციალურ ზონებს (ქალაქწარმომქმნელ უმნიშვნელოვანეს ზონებს) და ეჭვგარეშეა უნდა ითვალისწინებდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და არა გაუარესება, უპირველესი საჯარო ინტერესია. სწორედ ამაზე დაყრდნობით საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, შინაარსობრივად უნდა აბალანსებდეს ყველა პარამეტრს. თუმცა, გენგეგმის ავტორები არ უარყოფენ აღნიშნული ტერიტორიის ეკონომიკურ-სოციალურ მნიშვნელობას და თავიანთ ბოლო წინადადებაში ისინი ზონალობის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივას ქალაქის მერიას უტოვებენ.

აქ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 15 ათასამდე აღწევს, ხოლო მათი ბიზნეს საქმიანობიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად არაერთი ათეული მილიონი ლარი შედის.

დედაქალაქის მერიასა და საკრებულოში მიმდინარე დადებითი პროცესები გვაძლევს იმედს, რომ, ჩვენი პროექტი, უახლოეს მომავალში დამტკიცდება და მოგვეცემა შესაძლებლობა „ელიავას ბაზრობაზე“ არსებული არც თუ სახარბიელო მდგომარეობა, ჩვენივე ფინანსური სახსრებით გავაუმჯობესოთ ისე, რომ არ დაზარალდეს არც აქ დასაქმებული ადამიანების, არც ბიზნესის და არც დედაქალაქის ინტერესები.

იმედს ვიტოვებთ, ქალაქის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ გრგ-ს. ამასთან ჩვენ მზად ვართ, ქალაქის მერიასთან თანამშრომლობით გამოვაცხადოთ ერთობლივი საერთაშორისო კონკურსი „ელიავას რეგიონალური მოლის“ ეტაპობრივი განვითარებისათვის საჭირო მაქსიმალურად სრულყოფილი ესკიზური პროექტის შექმნის მიზნით.

დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი პირადი ჩართულობის, ქალაქის მმართველობის და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, თბილისი მიიღებს თანამედროვე სავაჭრო-გასართობ და დასასვენებელ ურბანულ არეალს, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური და მწვანე სავიზიტო ბარათი გახდება.

ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა დედაქალაქის წინაშე მდგარი საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაში და გვინდა ავაღორძინოთ არა ჩვენი მოქმედების გამო შეჩერებული განვითარების პროცესი. ჩვენი მიზანია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების მსგავსად შევქმნათ თვითმართველობისა და კერძო სტრუქტურების ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი მაგალითი ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში“, - აღნიშნულია ღია წერილში.