მარტში კომერციულ ბანკებს მოგება შეუმცირდათ

2018 წლის მარტის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.459 მილიონი ლარით შეუმცირდათ.

კერძოდ, წინა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 75,676 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის მარტში კი აღნიშნული მაჩვენებელი 115,135 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, ბანკების შემოსავლებმა 337,440 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 253,160 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2018 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,075 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 15,613 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 35,871 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბარტში ბანკებმა 8,192 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.