რას გულისხმობს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი, რომლის გარეშეც სესხების გაცემა იზღუდება

"კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში" ცვლილებები შევიდა.

ცვლილებებით იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 17 აპრილის ბრძანებაშია აღნიშნული, გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი გულისხმობს – მსესხებელი/თანამსესხებელი პირის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი ან ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს, ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელმაც შეიძლება ვალდებულებების მომსახურებაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს.

ამასთან, ბრძანების თანახმად, მსესხებელი/თანამსესხებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში, გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი უნდა მოიცავდეს იმ პირთა წრის მაქსიმალურად ობიექტურად შეფასებას და გათვალისწინებას, ვისთან ერთადაც მსესხებელი/თანამსესხებელი შემოსავლებს ან/და ვალდებულებებს იზიარებს.

„იმისთვის, რომ მსესხებლი ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად და დადასტურებულად (გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი), ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია (სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და სხვა მსგავსი სანდოობის მქონე დოკუმენტაცია); მსესხებელი პირის სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შემთხვევაში კი, გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისათვის საჭიროა ჩატარდეს პირის დეტალური ფინანსური ანალიზი,“- ნათქვამია ბრძანებაში.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში.

ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.