კომერციულ ბანკებს ჯარიმები ეზრდებათ - რა დარღვევაზე რა ტიპის სანქცია დაეკისრებათ

კომერციულ ბანკებს სხვადასხვა დარღვევაზე ჯარიმები გაეზარდათ. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისმურთაზ კიკორიას 24 აპრილის ბრძანებით, ცვლილება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გაზრდილი სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კერძოდ, ახალი რედაქციით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს განსხვავებული ფულადი სანქია დაეკისრება, რაც დარღვევის სერიოზულობაზე, კომერციული ბანკის აქტივებისთვის მიყენებულ ზარალსა თუ შესაძლო საფრთხეზე იქნება დამოკიდებული.

კერძოდ, აღნიშნული დარღვევის გამო, ბანკი ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის, 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 ათასი ლარით დაჯარიმდება. მაშინ როცა, არსებული, წინა რედაქციით, ჯარიმა საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ით განისაზღვრებოდა.

ანალოგიური სანქცია დაეკისრება ბანკს მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება), ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისა თუ დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც.

ამასთან, ახალი ბრძანებით, პილარ 3-ის ფარგლებში კვარტალური, წლიური ანგარიშგებების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში გამოუქვეყნებლობის, ასევე ანგარიშგების ელექტრონული ვერსიის დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში თითოეულ ფაქტზე კომერციულ ბანკს 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. მაშინ როცა წინა რედაქციით, აღნიშნულ დარღვევებზე შესაბამისად, 1 000 და 500 ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.

„ასევე 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება კომერციულ ბანკს შემდეგი დარღვევების შემთხვევაში: ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის; წლიური ზოგადი ფინანსური ანგარიშგების, აუდიტორის დასკვნისა და სარეკომენდაციო წერილის; აუდიტორთან ზოგადი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლის, აუდიტორის მიერ ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის ან ასეთ ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციის ეროვნულ ბანკში დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში; ასევე 5 000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის თითოეულ ფაქტსა და ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ბალანსურ ან გარებალანსურ უწყისებში) აღურიცხველობის თითოეულ შემთხვევაში და ეროვნულ ბანკში წარდგენილი დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში,“-ნათქვამია ბრძანებაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნ(ებ)ისა და/ან წერილობითი მითითებ(ებ)ის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი 20 ათასი; ხოლო მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში 50 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ამასთან, იზრდება სანქცია ბანკის ადმინისტრატორების მიმართაც. კერძოდ, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, რაც ბანკის მიერ კანონმდებლობის დარღვევას იწვევს, ადმინისტრატორი ჯარიმდება 10 ათასი ლარით.

გარდა ამისა, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული კომერციული ბანკი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში. 10 ათას ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ასევე - კომერციული ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას (საზედამხედველო არბიტრაჟი) თითოეულ შემთხვევაში.

ამასთან, ბანკის აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და მასთან არსებული კომიტეტების კრების ოქმების ან/და ოქმებთან დაკავშირებული დოკუმენტების; სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების, წარმომადგენლობისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის; ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინანსო და იურიდიული დოკუმენტების; ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის; წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში ბანკი – 5 000 ლარით დაჯარიმდება.