„რეზონანსი" - უცხოელთა მფლობელობაში არსებული მიწის 75% უქმად არის მიტოვებული

უცხოელი მოქალაქეების მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელია.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს ტენდენცია განსაკუთრებით თბილისის ახლომდებარე სოფლებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთა მფლობელებს ქართული მიწის მიმართ მხოლოდ კომერციული ინტერესი (გადაყიდვა) ამოძრავებთ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უცხოელთა მფლობელობაში არსებული მიწის 75% უქმად არის მიტოვებული.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში 45-დან 50 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხოელების საკუთრებაა, საიდანაც მხოლოდ 12 ათასი ჰექტარია დამუშავებული. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომრე ოთარ დანელიას შეფასებით, სტატისტიკა საგანგაშოა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციაა გასამკაცრებელი.

"უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, მაგრამ საკუთრებაში არსებული მიწა ნანახიც კი არ აქვთ, პარლამენტი სანქციებზე მუშაობს, საკომიტეტო მოსმენაზე ვიმსჯელებთ, რათა კანონპროექტს საბოლოო სახე მიეცეს, მაგრამ ფაქტი აშკარაა, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს", - განუცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" დანელიამ.

დეპუტატი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიმართულებაში უცხოელი ინვესტორები რეალურად არ არსებობენ ან ძალიან მცირე რაოდენობით არიან, ადგილობრივი ინვესტიციები კი აგრარულ სექტორში გაცილებით მეტია.

სპეციალისტები ითხოვენ, რომ უცხოელების მიერ შეძენილ ყოველ გოჯ მიწაზე ზედამხედველობა გამკაცრდეს, რამდენადაც მიწის დაუმუშავებლობის გამო უდიდეს დანაკარგს განვიცდით. სასოფლო-სამეურნეო დარგის ექსპერტი ჯუმბერ ფანჩულიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიწის დიდ ნაწილს გადაყიდვის მიზნით იძენენ, რაც მავნე ტენდენციაა.

"რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო და ასე გაგრძელდება მომავალშიც, სანამ ზომებს არ მიიღებენ. კიდევ კარგი, რომ დროზე ამოტივტივდა ეს საკითხი, რადგან კიდევ აპირებენ უცხოელებზე მიწის მიყიდვას და ამით ძალიან დავზარალდებით. იმის მექანიზმი არ გვაქვს, რომ ზემოქმედება მოვახდინოთ დაუმუშავებელ მიწაზე ადგილობრივებთან მიმართებითაც კი, მით უმეტეს, როცა საუბარი უცხოელ მოქალაქეებს ეხება.

კანონმდებლობა გასამკაცრებელია, ამაზე არ უნდა ვიდავოთ. სულაც არ მიკვირს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვით ყველაზე მეტად ბანკები არიან დაინტერესებული, რადგან ამით დიდ სარგებელს ელიან. ამის იქით არაფერი აინტერესებს, რა შეიძლება ქვეყანას დაემართოს.

ყოველ გაყიდულ გოჯ მიწაზე ზედამხედვლეობა უნდა გამკაცრდეს. ბევრია დაინტერესებული, იყიდოს იმ მოტივით, რომ მომავალში გაასხვისოს, როგორც კი მიწა გაძვირდება. ცხადია, ისევ უცხოელებზე მიყიდვას აპირებენ და ქვეყნის ინტერესი კვლავ უკანა პლანზე დარჩება", - აცხადებს ფანჩულიძე.

მისი თქმით, გამონაკლისი შეიძლება იყოს აღნაგობის უფლებით მიწის გაცემა, რაც მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

"ვიმეორებ, აუცილებლად არის ცვლილება კანონში მისაღები, რათა უცხოელებზე მიწის მიყიდვა არ დაუშვან. უკიდურეს შემთხვევაში, ვისაც ადრე ჰქონდა მიწა შეძენილი და შემდეგ უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად, შესაძლებელია, დაუშვან მიყიდვა, მაგრამ აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. სახელმწიფო თუ ფიქრობს, რომ ამით ინვესტიციებს უწყობს ხელს, ძალიან ცდება. ისედაც შემოვა ინვესტიციები დროთა განმავლობაში, მაგრამ ამ მიზანს ქართული მიწა არ უნდა ეწირებოდეს.

მიწა აუცილებლად აღნაგობის უფლებით უნდა გაიცეს, ფერმა იქნება თუ სხვა. აღნაგობა მემკვიდრეობის საშუალებასაც იძლევა, ამაზე ყველა წამოვა, მაგრამ უცხოელს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. საფრთხე დიდია, რაც უკვე დადასტურდა, მეტი რაღა უნდა მოხდეს?!", - ამბობს ფანჩულიძე.

აგრარული სფეროს სპეციალისტი, მეცნიერი ანზორ მესხიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობა სპეციალისტების შენიშვნებს გაიზიარებს და კანონმდებლობის მიღებისას არჩევანს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შეაჩერებს.

"რამდენადაც ვიცი, უცხოელების ნაწილმა მიწა იმისთვის იყიდა, რომ შემდეგ ძვირად გაყიდოს, კომერციული ინტერესი უფრო ამოძრავებთ. არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, კახეთში ვენახი გააშენეს, მაგრამ ერთეული შემთხვევაა ასეთი. თბილისის შემოგარენსა და ახლომდებარე სოფლებში ნაყიდი მიწების დიდზე დიდი უმეტესობა დაუმუშავებელია. ცხადია, ეს ფართობები გადაყიდვის მიზნით აქვთ თავის დროზე შეძენილი და ამიტომ არ მუშავდება.

ჩვენ გავუგზავნეთ პარლამენტს შენიშვნები და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი მცენიერების პოზიცია მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობის მიღებისას", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

ცნობილი ხდება, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაეკისროთ. მიწასთან დაკავშირებულ მორატორიუმში სხვა ცვლილებებიც შედის, რაც შემდეგ კანონშიც აისახება. საფინანსო სექტორს, მათ შორის კომერციულ ბანკებს, შეეძლებათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია მათი შემდგომი გასხვისების მიზნით. კანონპროექტის შეტანა საკანონმდებლო ორგანოში 30 აპრილს იგეგმება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"