უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

კომერციულ ბანკებში ფიზიკურ პირებზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 79,2%-ით გაიზარდა.

მოიმატა საპროცენტო განაკვეთებმაც. სპეციალისტები ამ ტენდენციას ერთი მხრივ, ლარიზაციის პროგრამას, მეორე მხრივ კი მოსახლების გადახდისუუნარობით ხსნიან.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის მარტის სტატისტიკური მონაცემებით ეროვნული ვალუტით გაცემული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო მოცულობამ 3,5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1, 2 მლრდ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მარტში უძრავი ქონების უზრუნველყოფილი სესხების მოცულობამ 2,3 მლრდ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მატად, 79,2%-ით გაიზარდა ფიზიკურ პირებზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა. კერძოდ, 2018 წლის მარტში მთლიანად გაცემული იყო 2,2 მლრდ ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი გაცემული იყო 1,2 მლრდ ლარი. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ კი 0,2 მლრდ ლარით მოიმატა.

რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობას, აქ ზრდა არც ისე დიდია. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით 2018 წლის მარტში უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა მთლიანად 8,5 მლრდ ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7,9 მლრდ ლარი იყო.

ამასთან, მოიმატა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა. კერძოდ, 2018 წლის მარტის სტატისტიკით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 13,4% შეადგინა, 2017 წლის მარტში - 12,6% იყო. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი 8,9%-დან 8,3%-მდე შემცირდა.

არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობის ზრდას კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან რისკების შემცუირებით ხსნის.

„ბანკები და და სხვა ფინანსური ორგანიზაციები გადავიდნენ უზრუნველყოფილ დაკრედიტებაზე, ანუ აღარ შედიან რისკებში, რაც დაკავშირებულია არაუზრუნველყოფილ სესხებზე. მათ სურთ, რომ ჰქონდეთ მეტი გარანტია სესხის დაბრუნებისას. ფინანსურ ორგანიზაციებს არასტაბილურობის შეგრძნება აქვთ, რადგან გაიზარდა გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი. მათი ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ირაკლი ბერძენაძემ.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთების ზრდას, ბერძენაძის პოზიციით, ამის მიზეზი ლარიზაციის პროგრამაა, რომლის მიხედვითაც 20017 წლიდან 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა.

ელზა წიკლაური