დედაქალაქში მომავალ კვირას 1-ლი ელექტროავტობუსი გამოჩნდება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
ელექტროავტობუსის მოძრაობა 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იგეგმება, რომლითაც ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მგზავრობას.
„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ელექტროავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ 61-ნომერ ავტობუსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტულია, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35-ადგილიანი ავტობუსი,“-აღნიშნა პატარაიამ.
ცნობისთვის, კომპანია „ფრეგობასი“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. როგორც მურმან პატარაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსების წარმოება მოხდება, რომელიც რამდენიმე დღეში გამოჩნდება თბილისში.