რამდენიმე მოქალაქეს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.

საუბარია, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტებზე.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის გამო ექსპროპრიაციას დაექვემდებარება - ზესტაფონის რაიონის, სოფელ ძირულაში რამაზ ჭელიძის 12 კვადრატული მეტრი ფართობის; დაბა ხარაგაულში სულიკო სალარიძის 25 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთები და ჯაბა სალარიძის 101.28 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა.

გრიგოლეთიქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის გამო კი ექსპროპრიაციას ექვემდებარება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (შრომა 2, ჩირე) ლიდა, ნათელა, ნარინე, ნინო, რადმილა და ჯულიეტა ხითარიანების კუთვნილი 2 700 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მესაკუთრეებმა უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს. ამასთან, ბრძანების თანახმად, მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა. მესაკუთრეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ექსპროპრიაციის შემთხვევაში საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდნენ.