ვინ აშენებს ავანგარდულ სახლს წავკისში, რომელსაც, სავარაუდოდ, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი ექნება (+ფოტო)

თბილისის შემოგარენში, სოფელ წავკისში, ავანგარდული, თანამედროვე სტილის სახლი შენდება, რომელსაც, სავარაუდოდ, სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილიც ექნება.

დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. საბოლოო სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის აპრილში. პროექტირება ესპანეთში დარეგისტრირებულ საინჟინრო კომპანიას IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT-ს ეკუთვნის.

bpn

ამავე მონაცემების მიხედვით, სახლის დიზაინმა პროექტირების მსვლელობისას გარკვეული ცვლილებები განიცადა, რაც კლიენტის მოთხოვნით იყო განპირობებული. საცხოვრებელი სახლი 1 ჰექტარსა და 3807 მეტრ ტერიტორიაზე აშენდება და სამსართულიანი იქნება. მთავარი შენობის გვერდით სამი სახლი განთავსდება. ამასთან ერთად, სახლთან იქნება სპორტული მოედანი, ტერასები, ბაღი, ხეხილი, ავტოსადგომი, ბარბეკიუ, მომსახურე პერსონალის სახლი და ა.შ.

bpn

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, შენობის სახურავზე, სავარაუდოდ, ვერტმფრენის დასაჯდომი განთავსდება, თუმცა სამშენებლო ნებართვაში აღნიშნული პუნქტი მითითებული არ არის. ჩვენივე ინფორმაციით, მშენებლობა უკვე დაწყებულია.

bpn

სახლის მეპატრონეა ინდოეთის მოქალაქე პარმინდერ კაურ. როგორც სამეწარმეო რეესტრის მონაცემებშია მითითებული, პარმინდერ კაურ შპს „სქაი ინტერნეიშენალის“ 50%-იან წილს ფლობს. ამავე კომპანიის დანარჩენ 50%-ს ასევე ინდოეთის მოქალაქე კაპილ შარმა ფლობს. რაც შეეხება თავად კომპანიას, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „სქაი ინტერნეიშენალი“ თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარეობს. „ბიზნესპრენიუსი“ შეეცადა გაერკვია, რას საქმიანობს კომპანია, მაგრამ მსგავსი მონაცემები არ მოიძებნება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აღნიშნული შპს 2016 წელს დაფუძნდა.

bpn

ამასთან, ცნობილია ის, რომ 2017 წლის დეკემბერში დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით რამდენიმე სამშენებლო კომპანია გააფრთხილა. მათ შორის მოხვდა წავკისში მშენებარე საცხოვრებელი სახლიც, რომელიც პარმინდერ კაურს ეკუთვნის. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება პროექტის ცვლილებები და ხელახალი ნებართვაც, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, 2018 წლის აპრილში გაიცა.

თეონა კენჭიაშვილი