როგორ ახერხებენ კრედიტორები შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრებას სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე?

კრედიტორების მხრიდან ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინება სხვადასხვა ხერხით ხდება.

რა გზით ახდენენ კრედიტორები ფულადი თანხის დავალიანების ამოღებას და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრებას სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, რა არის გამარტივებული წარმოება, რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა მოიქცეთ თუ გაიგეთ, რომ თქვენ მიმართ დაწყებულია გამარტივებული წარმოება? აღნიშნული კითხვებზე საადვოკატო ბიურო OK&CG-ის ადვოკატი ანა გორდეზიანი გვესაუბრება.

რის უფლებას აძლევს კანონი კრედიტორს?

კრედიტორს უფლება აქვს, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების მიზნით, სასამართლოში სარჩელის შეტანის ნაცვლად დავალიანების გადახდევნების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს. ბიუროში წარდგენილი ეს განცხადება, კრედიტორს უფლებას აძლევს, მოითხოვოს - თანხის/არსებული დავალიანების დაკისრება, მათ შორის - სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს ჩათვლით, რამაც შესაძლებელია, თქვენ მიმართ მინიმუმ ორჯერ იმაზე მეტი თანხის დაკისრება გამოიწვიოს, ვიდრე სესხის ძირი თანხა შეადგენს.

ასევე, კრედიტორს შეუძლია, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვოს თქვენი ქონების დაყადაღება. ამასთან, არსებულ დავალიანებასთან ერთად დამატებით სხვა ხარჯიც დაგაკისროთ, რაშიც იგულისხმება გამარტივებული წარმოების საფასური; კერძოდ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოებისას გაწეული მომსახურების საფასური.

რა უპირატესობას აქვს კრედიტორს საქმის გამარტივებული წესით წარმოებისას?

კრედიტორის მოთხოვნა ძირითად შემთხვევაში, სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრებას მოიცავს. მითითებული მოთხოვნის დასაკმაყოფლებლად კი საჭიროა, არსებობდეს მხოლოდ, მატერიალური სახით დადასტურებული ხელშეკრულება/შეთანხმება ან/და სხვა სახის დოკუმენტი.

მნიშვნელოვანია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ ახდენს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, არ ახდენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს სასამართლოს გზით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება (აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს არაერთი სასამართლო პრაქტიკაც, როდესაც სასამართლო ახდენს კრედიტორის მიერ მოვალისათვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას).

გარდა ამისა, საქმის გამარტივებული წარმოებისას, შესაძლებელია, კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის გზით დავის მოგვარება უმოკლეს ვადებში მოხდეს და მოვალეს მის წინაშე არსებული დავალიანება სრულად დააკისროს, მათ შორის - სესხის ძირი თანხის, პროცენტის, დაკისრებული პირგასამტეხლოსა და სხვა ხარჯის ჩათვლით.

შესაბამისად, გამარტივებული წარმოება მოვალისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მოქალაქემ უნდა იცოდეს თუ როგორ უნდა მოიქცეს მის მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოებისას.

რესპონდენტს (მოვალე, თავდები) უფლება აქვს:

მოვალე ან თავდებ პირს უფლება აქვს, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება ან ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი განახორციელოს: დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ მოთხოვნას არ ეთანხმება; წერილობით სრულად აღიაროს მოთხოვნა თუ მას მართებულად მიიჩნევს; წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს ან წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ.

რა არის აპლიკანტის/მოვალის პროტესტი და რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს?

პროტესტი არის - მოვალის/რესპონდენტის მიმართ არსებული კრედიტორის/აპლიკანტის მოთხოვნის უარყოფა. თუ მოვალე მოთხოვნაზე პროტესტს წარადგენს – აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რომელიც მოთხოვნის სრულ ოდენობაზე მიიღება. რაც არ ართმევს კრედიტორს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, შესაბამისად კრედიტორი უფლებამოსილია თქვენ მიმართ არსებული მოთხოვნა სასამართლოში სარჩელის ფორმით წარადგინოს.

რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მორიგების შეთავაზების შესახებ განცხადება?

მოვალე უფლებამოსილია, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში მორიგების შეთავაზების შესახებ განცხადება წარადგინოს. რესპონდენტის მხრიდან მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც მოვალე მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს, მაგრამ ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან განაწილვადებას.

ბიურო მორიგების შეთავაზების შესახებ მოვალის განცხადებას უგზავნის კრედიტორს და მორიგებაზე თანხმობის ან უარის თქმისთვის ვადას განუსაზღვრავს. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აპლიკანტის თხოვნით, განსაზღვრული ვადა არა უმეტეს 30 დღით გაზარდოს. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს მოვალის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს (აღსრულების ეროვნული ბიურო გადაწყვეტილებას იღებს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რომელიც მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე).

მოვალის თანხმობის შემთხვევაში, დასაშვებია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც მოვალე ცნობს, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც მოვალემ არ აღიარა, მიიღება გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რაც კრედიტორს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას არ ართმევს.

რა შემთხვევაში და რა ვადაში უქმდება ქონებაზე დადებული ყადაღა გამარტივებული წარმოებისას?

თუ მოვალე დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ ან დაფარავს დავალიანების ნაწილს, გამარტივებული წარმოებისას მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების კრედიტორისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ გაუქმდება, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ თუ ზემოთ მითითებულ 1 თვიან ვადაში იმავე საქმესთან დაკავშირებით თქვენ წინააღმდეგ საქმის წარმოება სასამართლოში დაიწყო, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ გამოყენებული უზრუნველყოფის სახით ყადაღის გაუქმება ან მისი სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებით შეცვლა.

რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ თუ მის მიმართ დაწყებულია გამარტივებული წარმოება?

მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოება მათთვისვე სახიფათო, უმეტეს შემთხვევაში, საზიანო სამართლებრივ შედეგთან არის დაკავშირებული. იმ შემთხვევაში თუ მოვალე მიიჩნევს, რომ კრედიტორის მოთხოვნა დავალიანების ოდენობის ნაწილში არ არის სამართლიანი, დაკისრებული პირგასამტეხლო ბევრად აღემატება მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას, სესხის ძირ თანხასა და პროცენტს, ეს საკითხი რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს, რადგან უფლება აქვს, სასამართლოს გზით მოითხოვოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება გამარტივებული წარმოების აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყების შემთხვევაში ვერ მოხდება.