„რეზონანსი" - პირველად 30 წლის შემდეგ ტყეების აღრიცხვა იწყება

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ტყის აღრიცხვის საველე სამუშაოები 5400 ადგილას დაიწყო.

პირველი ანგარიში 2018 წლის ბოლოს გახდება ცნობილი. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გამოვლინდება ტყეების წლოვანება, ძირითადი მცენარეული რესურსი, ხანძარსაშიში ზონები, ძირნაყარი მერქნები, რამდენად დეგრადირებულია ესა თუ ის ფართობი და რომელ ტყეებშია განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა.

აღრიცხვის პროცესი ქვეყანაში არსებული ყველა ტყის ფართობს მოიცავს. საბოლოოდ შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგოც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ. საველე სამუშაოების დროს ინფორმაციის მიღება მოხდება დაახლოებით 5400 წერტილიდან. ჯერჯერობით არ იგეგმება დეტალური ინვენტარიზაცია. აღწერა გერმანიის სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება და გრანტის სახით 5,6 მლნ ევროა გამოყოფილი.

საქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების სატყეო ფაკულტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი ტყის აღწერას გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს. ამგვარი პროცესი 1988 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და, პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს ეროზიული უბნები, სიხშირე და ტყის სახეობრივი შემადგენლობა.

"უკვე 30 წელია, საქართველოში არ ჩატარებულა ტყის მასშტაბური აღრიცხვა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაინტერესებს, სულ რამდენია ტყის მასივი, რამდენი დარჩა და რა მდგომარეობაშია, 1988 წელს ბოლო გეგმიური საკავშირო აღწერა ჩატარდა. საერთოდ, ყოველ 10 წელიწადში მთელ სსრკ-ში ტყეები აღირიცხებოდა და მთელი მეურნეობა აღწერაზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს არის ახლაც მნიშვნელოვანი.

აღწერას აქვს ორი მიმართულება: ერთი, რომ დაადგინო, რა გაქვს და მეორე – წარმოადგინო დასკვნა, რისი გამოყენება შეიძლება, სად და როგორ. აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს ეროზიული უბნები, სიხშირე, სახეობრივი შემადგენლობა და უნდა დალაგდეს მაჩვენებლების მიხედვით.

დიდი დრო და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართვა იქნება საჭირო ამ პროცესში. აქ საკითხავია, როგორი იქნება მეთოდოლოგია, რომლითაც ტყის აღწერა ჩატარდება", - განაცხადა თეიმურაზ კანდელაკმა და დასძინა, რომ კოლოსალური სამუშაოა ჩასატარებელი, რასაც დიდი დრო და ფინანსური რესურსი სჭირდება.

"არსებობს რისკფაქტორებიც. მაგალითად, შეიძლება გაჩნდეს ბევრი კორუფციული სქემა. სწორედ ამ დროს არის შესაძლებელი, ის უბნები ჩაწერო მოხმარებისათვის ვარგისად, რომლის მოხმარებაც არ შეიძლება. აღწერა პირდაპირ კავშირშია ტყეების მდგომარეობის შეფასებასთან და შემდეგ უკვე გამოყენების გეგმასთან. უნდა გამოვლინდეს ფართობები, რომლებსაც გადაუდებელი აღდგენა სჭირდება, პირველ რიგში კი, უნდა გამოვლინდეს ხანძარსაშიში ზონები. უნდა მოხდეს კლასიფიკაცია.

ერთია აღწერა და მეორეა შედეგების დამუშავება. ასე რომ, წინ დიდი სამუშაო ელის ამაზე მომუშავე ჯგუფს. იმედია, ეყოფათ რესურსი და ნებაც, ყველა პარამეტრის დაცვით ჩაატარონ აღწერა", - განუცხადა "რეზონანსს" კანდელაკმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი განმარტავს, რომ ჯერ კიდევ 2017 წლიდან არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი. იგი დაკომპლექტდა მეტყევე სპეციალისტებით, რომელთა უმრავლესობაც ქართველია.

"სამუშაო ჯგუფმა უცხოელი ექსპერტებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დახმარებით შეიმუშავა სრულიად ახლებური მეთოდოლოგია, საქართველოს სინამდვილეზე მორგებული, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ტყეების ეროვნული აღრიცხვა-ინვენტარიზაცია. ამავე ჯგუფმა შეიმუშავა არა მარტო მეთოდოლოგია, არამედ ე. წ. პროტოკოლიც - კონკრეტულმა ადამიანებმა რა მონაცემები უნდა შეაგროვონ მას შემდეგ, რაც ისინი კონკრეტულ ტერიტორიაზე მივლენ ტყეში.

ეს არ არის ტყის დეტალური აღწერა, ამჯერად ძირითად მახასიათებლებზე ინფორმაციის შეგროვებაა მთელი საქართველოს მასშტაბით, საველე სამუშაოები ჩატარდება მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ზონებისა. იქ კი ინფორმაციის აღების დისტანციური გზა, სატელიტური ფოტოები იქნება გამოყენებული. დაახლოებით 5400 წერტილი იქნება მონიშნული ქვეყანაში, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია. იმის მიხედვით, სახელმწიფოს რა საჭიროება ექნება წლების შემდეგ, ინფორმაცია კვლავ ამ წერტილებიდან შეგროვდება, რაც შედარება-მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

სამუშაო ნამდვილად ძალიან დიდი და მოცულობითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, 2018 წლის ბოლოსათვის საველე სამუშაოები დასრულებული იქნება და პირველ ანგარიშს წარვუდგენთ საზოგადოებას, გვეცოდინება, საქართველოს ტყეები და მისი ძირითადი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები რა მდგომარეობაშია.

დეტალური ინვენტარიზაცია კი არის აღწერის პროცესის შემდგომი ეტაპი. ამ ორი მასშტაბური ღონისძიებიდან მიღებული მასალა ერთმანეთს გარკვეულწილად შეავსებს. საბოლოოდ ყველა ინფორმაცია გახდება საფუძველი იმისა, რომ ტყის მართვა შევძლოთ და დაიგეგმოს შემდგომში აღდგენის პროგრამები", - განაცხადა "რეზონანსთან" კარლო ამირგულაშვილმა.

საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის -"ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"