გლდანში მე-6 მიკრორაიონის, N7-20 კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი პარკის მოწყობა იგეგმება.
ამ მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 057 544 ლარია. იხილეთ ფოტოგალერეა
„პროექტის კონცეფციის მიხედვით, ტერიტორიის ცენტრალური ღერძის გასწვრივ, მოეწყობა მთავარი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კომპოზიციურად სწორი ფორმის იქნება. ბილიკი საპროექტო ტერიტორიას ორ ძირითად ნაწილად გაყოფს. მოხდება ტერიტორიის ზონირება და ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე განთავსდება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის მქონე სპორტულ-დასასვენებელი ბაქნები. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ, ორივე მხარეს მოეწყობა მოქნილი ფორმის სათადარიგო ბილიკები. სათადარიგო ბილიკების გასწვრივ კი მოეწყობა ე.წ. ,,ჯიბეები’’, რომლებშიც დასაჯდომი სკამები განლაგდება. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს განთავსდება წრიული ფორმის სარეკრეაციო ბაქანი, კალათბურთის მოედანი, სპორტული ზონისთვის-ოვალური ფორმის ორი ბაქანი და რეაბილიტირებული ამფითეატრი.
სპორტულ ზონაში ერთ-ერთ ოვალური ფორმის ბაქანზე დამონტაჟდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ტიპიური გადახურული სატრენაჟორო-ფანჩატური, ხოლო მეორე ბაქანზე ღია ცის ქვეშ მოეწყობა სატანვარჯიშო-სპორტული იარაღები. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს პროექტით გათვალისწინებულია:
სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონა, სათამაშო ბაქანი ექსტრემალური სპორტისთვის, არსებული ბასეინის აღდგენა და მის მიმდებარედ სათამაშო ბაქნების მოწყობა, რომლებზეც შედარებით მცირე გაბარიტების მქონე სათამაშო ატრაქციონები დამონტაჟდება. სარეკრეაციო ზონაში მოეწყობა ორი წრიული ფორმის დასასვენებელი ბაქანი, რომელზეც დამონტაჟდება დასაჯდომი სკამები, მოეწყობა წრიული ფორმის ქვიშის სათამაშო ბაქანი მცირეწლოვანი ბავსვებისთვის და ასევე წრიული ფორმის ფანჩატური. შუა ნაწილში განთავსდება ექსტრემალური სპორტის სათამაშო მოედანი, რომლის საფარიც და შემადგენელი ნაწილებიც ბეტონისგან მოეწყობა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წერილობითი დავალების მიცემიდან 125 კალენდარული დღეა განსაზღვრული. საგარანტიო ვადა კი, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელია.
იხილეთ ფოტოგალერეა