როგორ იყოფა მეუღლეთა საერთო ქონება და ვალი განქორწინებისას

მეუღლეთა შორის ქორწინებისას წარმოშობილი უფლება-მოვალეობები, განქორწინების შემთხვევაში ზოგჯერ დავის საგანი ხდება.

როდესაც მეუღლეები თანასაკუთრების გაყოფაზე ვერ თანხმდებიან, დავას ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე სასამართლო წყვეტს.

საადვოკატო ბიურო OK&CG-ის იურისტის ანა გორდეზიანის თქმით, „საქართველოს კანონმდებლობით მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) წარმოადგენს, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მისივე განმარტებით, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება მაშინაც წარმოიშობა, თუ ერთ-ერთი მათგანი საოჯახო საქმიანობას ეწეოდა, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

იურისტის თქმით, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ და ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ხორციელდება.

„იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. ასეთ პირობებში მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი მოითხოვოს.

თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა), გარდა იმ შემთხვევისა როდესაც საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არის დადგენილი.

მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.

თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია,“-აღნიშნავს იურისტი.

აღსანიშნავია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი საქართველოს კანონმდებლობით თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუმცა, როგორც იურისტი აცხადებს, სასამართლოს შეუძლია არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს გადაუხვიოს.

„კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა – თუ მეორე მეუღლე საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯავდა. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს არის შეძენილი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეუღლეთა საერთო ვალებიც მათ საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად იყოფა. ცნობისთვის, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისთვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.,“-აღნიშნავს იურისტი.