დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის (მეტრო და ავტობუსი) ღირებულება შეიძლება 60%-ით გაიზარდოს.
მიზეზი მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებაა, რომელიც მიკროავტობუსებს, მეტროს და ავტობუსებს გააერთიანებს. "მარშრუკტების" უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი – 50 თეთრი. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ გამოთქვამენ, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს კი ფასის მატების მოლოდინი აქვთ.
დედაქალაქის მერიამ მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მეტროსთვის ერთიანი საბარათე სისტემის შემოღება დააანონსა. ამასთან, მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის აპარატი დამონტაჟდება, რადგან დაგეგმილია სამარშრუტო ტაქსების გადახდის ერთიან საბარათე სისტემაში გაერთიანება. სწორედ ეს პროცესი წარმოშობს კითხვებს, როგორ მოხდება ერთიან საბარათე სისტემაში სხვადასხვაფასიანი ტრანსპორტი. მიკროავტობუსების უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი – 50 თეთრი.
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, გადაჯდომის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში სარგებლობს მოქალაქე უფასო გადაადგილების შესაძლებლობით. თუკი ამ სისტემაში "თბილისის მიკროავტობუსიც" ჩაერთო, უცნობია, ბარათზე 30 თეთრი ფასში სხვაობა როგორ აისახება. ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულებასთან გათანაბრდეს. მით უმეტეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ყვითელი ავტობუსების სუბსიდირებას სულ უფრო მეტი თანხა სჭირდება ბიუჯეტიდან.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბიუჯეტიდან ისედაც დიდი ფული იხარჯება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, მერიამ დოტაცია გაზარდოს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის საფრთხის წინაშე მდგარმა მერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბიუჯეტს არ აქვს სახსრები, დამატებითი ხარჯი გასწიოს.
ერთიანი საბარათე სისტემის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსის" დამატებით კითხვებს არ უპასუხეს მერიის პრესსამსახურში და კახა კალაძის ზოგადი კომენტარით შემოიფარგლნენ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან.
კახა კალაძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში თბილისის ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტს წარადგენს. მისი ერთ-ერთი კომპონენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებაა. ახალი სისტემა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არამედ მიკროავტობუსებსაც შეეხება.
"ვფიქრობთ, ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ როგორ, რა ფორმით განხორციელდება ეს. მაქსიმუმ, მომავალ კვირას ვაპირებთ ტრანსპორტის პოლიტიკის წარმოდგენას, თუ როგორი ხედვა გვაქვს და რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ წლების მიხედვით. ასევე გვაქვს მიღებული ევრობანკის გრანტი და დავიწყეთ კვლევა "სისტრას" დახმარებით, რომ უფრო გამარტივებული და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სურვილი.
პარალელურად, მნიშვნელოვანია განახლება როგორც ყვითელია ვტობუსების, ასევე მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია-მოდერნიზება და, მეორე მხრივ, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა", - განაცხადა კალაძემ.
გრანტის თანხა 490 000 ევროა. კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ ბიუჯეტიდან გამოიყოს თანადაფინანსება 300 000 ევროს ფარგლებში. თანხით დედაქალაქისთვის ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება, რომელიც იმოქმედებს როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი ვასო ურუშაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღესდღეობით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება არ არის გაწეული მომსახურების ადეკვატური, ამიტომ ფასი, ლოგიკურად, გაიზრდება და გაუთანაბრდება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულებას.
"აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობა იყოს ერთიან სისტემაში. ეს წაახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც მგზარვობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობები ერთიანად უნდა იყოს განხილული, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. მინიმუმ, ეს არის სამი სახეობა: მიკროავტობუსები, მეტრო და ავტობუსები. ისინი უნდა იყოს ერთიან საგადასახადო სისტემაში მოქცეული. ტრანსპორტის მეოთხე სახეობა, საბაგირო კი ძირითადად ტურისტული დანიშნულებისაა, ამიტომ არ ვიცი, რამდენად განიხილება.
ასევე, მნიშვნელოვანია დაინერგოს გრძელვადიანი საგადასახადო საშეღავათო საბარათე სისტემა, ე. წ. აბონემენტები, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. შეიძლება იყოს 1-2-6-თვიანი ან ერთწლიანი. კონკრეტული ღირებულების მიხედვით კი, საშეღავათო თანხა უნდა დაწესდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივი მომხმარებელი არჩევანს შეაჩერებს მსგავს საგადასახადო სისტემაზე. შემაფერხებელი ფაქტორი ყოველთვის იყო სწორედ ის, რომ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ფასი ნაკლებია მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულებაზე.
აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისათვის ერთიანი სისტემა სწორი და ყველაზე მართებული გზაა, თუმცა რაც შეეხება დისბალანსს სატარიფო პოლიტიკაში, ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. დიდი ალბათობით, შესამუშავებელი იქნება ოპტიმალური მიდგომა.
სავარაუდოდ, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გათანაბრდება. საწვავის ფასი მატულობს, ბოლო წლების განმავლობაში გაძვირდა ყველანაირი მომსახურებაც. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მოიმატოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასმა და ამაში გასაკვირი არაფერია.
ტრანსპორტი პირდაპირაა მიბმული ქვეყნის ეკონომიკასთან და შეუძლებელია, ხელოვნურად გვეჭიროს ფასი დიდი ხნის განმავლობაში, მით უმეტეს დოტაციის პირობებში. სერვისების ღირებულება ფაქტია არ არის ფასის ადეკვატური, ამიტომ ფასი, ლოგიკურად, გაიზრდება და გაუთანაბრდება "მარშრუტკით" მგზავრობის ღირებულებას, რითიც ერთიანი საბარათე სისტემის დანერგვა უფრო გამარტივდება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვასო ურუშაძემ.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"