სურამში დღეს, გამთენიისას მოკლულ პირს მამია ბითაძეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან დავა წარსულშიც ჰქონდა. მაშინ კონფლიქტის მიზეზი სასტუმროს მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვის საფრთხე იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა სწორედ ახლა იწყებოდა და ადგილზე შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა.
მამია ბითაძესა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებულ კონფლიქტზე „ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე წლის მარტშიც წერდა. მამია ბითაძე, სასტუმრო „სურამი პალასის“ მშენებლობას სურამში, ბაიანთხევში მდებარე უნიკალურ ადგილას გეგმავდა.
როგორც 2018 წლის მარტში ადგილობრივი მოსახლეობა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ადგილობრივები და დამსვენებლები ფეხბურთის და სხვა თამაშების გასამართად იყენებდნენ. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე „არტგენის ფესტივალიც“ ტარდებოდა. ამასთან, მათივე თქმით, სახელმწიფო ტერიტორიაზე კიდევ 5 ჰექტარის გასხვისებასაც გეგმავდა, რასაც შესაძლოა, ხეები მასიურად გაჩეხვა გამოეწვია.
მამია ბითაძე კი ადგილობრივების საპასუხოდ აღნიშნავდა, რომ მოსახლეობის პრეტენზიები იმით იყო გამოწვეული, რომ მათ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. ის ამბობდა, რომ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრებოდა.
906 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მამია ბითაძე 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, მან გასული წლის ნოემბერში სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონზე 275 000 ლარად შეიძინა. ცნობისთვის, ბითაძე აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ სურამში ადგილობრივმა მამაკაცმა მეორე მამაკაცი სავარაუდოდ, დღეს, გამთენიისას სანადირო თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. როგორც შსს-ში განაცხადეს, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს და ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საჭირო სამძებრო სამუშაოები. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საჯარო რეესტრში მამია ბითაძე ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული და მის სახელზე რაიმე ტიპის ქონება არ ფიქსირდება. თუმცა, ის სურამში კიდევ ერთი სასტუმროს „თეთრი სახლის“ მეპატრონე იყო.