მიხეილ ხიდურელი სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელად მაისში დაინიშნა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს ის. 2018 წლის 6 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ფლობს, 3 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ამბროლაურში.
მასვე ეკუთვნის, ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარები, რომელიც 2018 წელს 10 ათას ლარად შეიძინა, ასევე მოტოსატრანსპორტო საშუალება მოპედი - ვესპა, რომელიც მიმდინარე წელს 5 000 ლარად იყიდა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ორ საბანკო ანგარიშზე 1 512 და 500 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 150 დოლარი ჰქონდა. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ხიდურელს 3000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის განვადებაც ჰქონდა, რომლის შედეგად მისმა გასავალმა 1000 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი „ამხანაგობა ხიდურის“ 50%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, მანვე როგორც შპს „სავის“ პარტნიორ/დამფუძნებელმა საწარმოს საქმიანობით გასულ წელს 50 ლარის შემოსავალი მიიღო.
მიხეილ ხიდურელს ჰყავს დედა, მამა, ძმა და დეიდა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დედა ფლობს 3 800 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 250 კვ. მეტრის აგარაკს ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში, მასვე ეკუთვნის 100 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში. მისმა გასული წლის შემოსავალმა „ახალი სკოლის“ პედაგოგობისას 20 000 ლარი შეადგინა. მისი დეიდა კი ფლობს 80 კვადრატული მეტრისა და 50 კვ. მეტრი ფართობის ორ საცხოვრებელ სახლს თბილისში. მანვე გასულ წელს მიიღო 15 000 ლარის ოდენობის გრანტი ქიმიური ლაბორატორიის შექმნაზე.