პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სახელმწიფო ავტოპარკის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს

„მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების საგრძნობი შემცირების ხარჯზე“. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი.„უწყებების ოპტიმიზაციასთან ერთად მაქსიმალურად შეიზღუდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯებიც. ფისკალურ მაჩვენებლებში მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3,9%-ის ფარგლებში იქნება. დაინერგება თანამედროვე მიდგომები საჯარო უწყებების შიდა ადმინისტრირების მიმართულებით. მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების საგრძნობი შემცირების ხარჯზე,“-აღნიშნულია სამთავრობო პროექტში.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დასამტკიცებლად გუშინ წარუდგინა. ცნობისთვის, ბახტაძის განცხადებით, დაგეგმილია 14 სამინისტროს 11-მდე შემცირება. ამასთან, მისივე თქმით, ცვლილებები ჯამში 6 სამინისტროს შეეხება.