„სილიკონის ველიდან“, შვეიცარიიდან, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდების შემოყვანაა დაგეგმილი“

ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი დაპირებაა.როგორც პროგრამაშია აღნიშნული, საქართველოში, შვეიცარიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სილიკონის ველიდან საერთაშორისო ბრენდების შემოყვანაა დაგეგმილი, რათა საქართველო ინოვაციების ეკოსისტემით რეგიონალური ჰაბი გახდეს, ასევე ახლო ქვეყნებიდან სტარტაპები და ინვესტორები მოიზიდოს.

„ნოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები ითვალისწინებს ფინანსებსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდას: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსებთან წვდომის კომპონენტი გულისხმობს თანადაფინანსების გრანტებს ახალგაზრდა სტარტაპებისთვის; კერძო სექტორის ჩართულობით გრძელდება ბიზნესინკუბატორების/აქსელერატორების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს იდეიდან ბაზრამდე გასვლის პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის მხარდაჭერას სხვადასხვა ტრენინგებით, მენტორშიფით და ინვესტირებით; საქართველოში უნივერსიტეტების ბაზაზე მოეწყობა პრეაქსელერატორები, რომლებიც უზრუნველყოფს სტუდენტებში იდეების გენერაციას, მათ დახვეწასა და სტარტაპპროდუქტებად გარდაქმნას; ხელი შეეწყობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნეტთან და ელექტრონული კომერციის საერთაშორისო პლატფორმებზე წვდომის გაუმჯობესებას; გაგრძელდება რეგიონებში ტექნოლოგიური პარკების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას ინოვაციების ეკოსისტემაში,“-ნათქვამია პროგრამაში.