მოუწევთ თუ არა დეველოპერებს კორპუსების ავტოფარეხებში ელექტროდამტენების დამონტაჟება?

„როდესაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება, 5 საცხოვრებელ ბინაზე ავტოფარეხებში შეიძლება იყოს ერთი ელექტრომობილის დამტენი“– ეს განცხადება კახა კალაძემ ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როდესაც მას ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა. თბილისის მერად არჩევის შემდეგ კი ის ამ თემას აღარ დაბრუნებია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ გეგმავს ამ მიმართულებით მერია მუშაობას და თუ ექნებათ დეველოპერებს ელექტროდამტენების დამონტაჟების ვალდებულება, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. კახა კალაძემ „ბიზნეპრესნიუსს“ მხოლოდ ის განუცხადა, რომ ელექტრომობილებთან დაკავშირებით მერიას სერიოზული გეგმები აქვს და პროექტის პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში გაიმართება.

„ელექტრომობილების მიმართულებით აუცილებლად ვაპირებთ გარკვეული ინიციატივების განხორციელებას. რამდენიმე დღეში სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოდგენას ვაპირებთ. გაგაცნობთ როგორი ხედვები გვაქვს, რა რეფორმების განხორციელებას ვგეგმავთ წლების მიხედვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ელექტრომობილები ზოგადად მსოფლიოს მომავალია და ამას არც ჩვენი დედაქალაქი ჩამოუვარდება. საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია გვექნება სავარაუდოდ, მომდევნო კვირა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ელექტროდამტენების ავტოფარეხებში დამონტაჟებასთან დაკავშირებით კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის რანგში განცხადება 2017 წლის 6 ივლისს გააკეთა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გიორგი გახარიასთან (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი), რომ სავალდებულო იყოს მომავალი წლების განმავლობაში მშენებლობების დროს ენერგოეფექტური მასალების გამოყენება და ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი – როდესაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ჩვენ ამას შევძლებთ და დიდი ალბათობით, გამოგვივა, რომ 5 საცხოვრებელ ბინაზე მოდიოდეს ერთი ელექტრომობილის დამტენი ავტოფარეხებში“, -აღნიშნა მაშინ კალაძემ.

იმ პერიოდში მთავრობის ეს ინიციატივა მოიწონეს დეველოპერებმა, თუმცა ისიც თქვეს, რომ ახალი ვალდებულება მათ ხარჯებს გაუზრდიდა და შესაბამისად, მცირედით, მაგრამ მაინც გააძვირებდა უძრავ ქონებას. მეტიც, დეველოპერები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო ამ საკითხის განხილვაში ამხანაგობების ჩართვაც.

ცნობისათვის, საქართველოში ელექტრომობილების დამტენთა ქსელის განმავითარებელი კომპანია E-space-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 1 ელექტროდამტენი მონტაჟით დაახლოებით 4 500-5000 ლარი ღირს.